უმრავლესობის დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ემზარ კვიციანის “მადლობაზე” განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ ეს ხუმრობა იყო. როგორც ნაცვლიშვილი “ფორტუნასთან” განმარტავს, პარლამენტში არც მას და არც ემზარ კვიციანს ახალი ოჯახების შექმნის ხელშეწყობის ინიციატივა არ დაუყენებიათ.
ნაცვლიშვილის თქმით, მან დღეს საკომიტეტო მოსმენაზე, საბინაო პოლიტიკა განიხილა, სადაც მრავალშვილიან და ახალგაზრდა წყვილებს ენიჭებათ უპირატესობა. მისი თქმით, სავარაუდოდ, სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა ემზარ კვიცინის ხუმრობა.
“მე მგონია, რომ ემზარმა იხუმრა ამასთან დაკავშირებით. მე ასე აღვიქვი. ემზარის ინიციატივას არ აქვს საერთოდ ამასთან დაკავშირებით. იმას, რაც ემზარმა თქვა, ინიციატივას ვერ დავარქმევთ ნამდვილად.
მე საბინაო პოლიტიკა მქონდა წარმოდგენილი. ამ პოლიტიკაში კრიტერიუმებია წარმოდგენილი, სადაც მრავალშვილიანებს და ახალგაზრდა წყვილებს ენიჭებათ უპირატესობა. როგორც ჩანს, ამას გამოეხმაურა ის,” – განმარტა ნაცვლიშვილმა “ფორტუნასთან”.
“პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ემზარ კვიციანმა “ქართული ოცნების” დეპუტატს, ბექა ნაცვლიშვილს მადლობა გადაუხადა. როგორც კვიციანმა, პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, კოლეგა მას ოჯახის შექმნის შესახებ წამოყენებულ ინიციატივაში შეუერთდა.
“მადლობა მინდა გითხრათ, ბატონო ბექა, პარლამენტში მარტო ვიყავი, რომელმაც ახალი ოჯახების შექმნაზე საკითხი [დააყენა], თქვენ შემომიერთდით და ეს ნიშნავს, რომ 100%-ით გავმრავლდით. ვფიქრობ, მომავალში უკვე სხვა პარლამენტარებიც შემოგვიერთდებიან და ჩვენს დემოგრაფიულ კატასტროფას გადავარჩენთ,” – განაცხადა ემზარ კვიციანმა.
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ემზარ კვიციანი, ახალი ორგანიზაციის დაფუძნების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც მისი თქმით, ახალი ოჯახების შექმნას უზრუნველყოფს.
ასევე, მან განაცხადა, რომ გამოცდების გაუქმება, ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს.