ამ რაოდენობის სტუდენტები არ წარმოადგენენ მთელი სკოლის ხმას, – ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ განაცხადა. გიგა ზედანია ილიას უნივერსიტეტის შენობაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა, სადაც უნივერსიტეტში მომხდარი ცვლილებების მოწინააღმდეგე სტუდენტებს შეხვდა.
სტუდენტებმა რექტორთან კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი მოთხოვნები, რომელიც გიორგი ქადაგიძის თანამდებობაზე დაბრუნებას და ბიზნესსკოლისთვის პირვანდელი სახელის მინიჭებას ეხება, რაზეც გიგა ზედანიამ აღნიშნა, რომ ყველა ის ცვლილება, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ განახორციელა, განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენაა მიმართული, რაც საბოლოო ჯამში თითოეულ სტუდენტზე უკეთესად აისახება.
„აღნიშნული გადაწყვეტილებები მივიღეთ ისევ და ისევ სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე, რომ მათ სამომავლოდ უფრო კარგი პერსპექტივა ჰქონდეთ, გაუმჯობესდეს ხარისხი. დერეფანი არ გახლავთ ადგილი, სადაც მიიღება გადაწყვეტილებები და აქ მყოფთა რაოდენობა ნამდვილად არ წარმოადგენს უნივერსიტეტის სრულ შემადგენლობას. პატივი ვცეთ იმ სტუდენტების სურვილებს და მოლოდინებსაც, რომლებიც აქ არ იმყოფებიან“, – აღნიშნა გიგა ზედანიამ.
რექტორის აღნიშნულმა განცხადებამ შეკრებილ სტუდენტთა უკმაყოფილება გამოიწვია. მათ გიგა ზედანიას მოუწოდეს, გაითვალისწინოს მათი მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რექტორის გადადგომის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში ხელმძღვანელი პირების შეცვლის მოთხოვნით აქციებს გამართავენ.
ილიაუნის სტუდენტთა ნაწილმა 24-საათიანი საპროტესტო აქციის გამართვის გადაწყვეტილება დღეს მიიღო.