იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში დღეს ექიმებმა და კლინიკის ადმინისტრაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელეს, ისინი შეშფოთებულები არიან საზოგადოების ნაწილის მხრიდან მათი მისამართით გამოთქმული ბრალდებების გამო.
იაშვილის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის თქმით, იაშვილის ბავშვთა კლინიკა საქართველოში პაციენტებს მეოთხე დონის სერვისს სთავაზობს, რაც ნიშნავს, რომ ყველა რთული პაციენტის მკურნალობა მათ კლინიკაში ხდება. მისივე ინფორმაციით, იაშვილის საავადმყოფოში 90 რეანიმაციული საწოლია, რაც საწოლთა ფონდის 30% შეადგენს.
კლინიკის დირექტორის შოთა ჯოგლიძის თქმით კი კლინიკაში ბავშვთა სიკვდილიანობა წელიწადში 1,5 %-ია. მისივე თქმით, ეს მაჩვენებელი საქართველოს სხვა კლინიკებთან შედარებით მაღალია, თუმცა დიდად არ ჩამოუვარდება ევროპისა და ამერიკის ანალოგიური კლინიკების მაჩვენებელს.
კლინიკის ხელმძღვანელების თქმით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიმართ საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინტერესს ითვალისწინებენ და მიიღეს გადაწყვეტილება, კლინიკაში დაფიქსირებული სადავო შემთხვევები უცხოელმა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა გადაამოწმონ.
ჯოგლიძის თქმით, 15-20 იანვარს საქართველოში იტალიის ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა, მათ შორის, პადუას საუნივერსიტეტო კლინიკის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პედიატრიული ონკოჰემატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ასევე ონკოჰემატოლოგიური ლაბორატორიული სერვისის უფროსი და ლიმფობლასტური ლეიკემიით გარდაცვლილი ბუკა ნიკურაძის სადავო შემთხვევას შეისწავლიან.
კლინიკის ხელმძღვანელობამ საუბრისას აღნიშნა, რომ დასკვნა მომავალი წლის იანვრის ბოლოს გამოქვეყნდება.