LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე და საზოგადოებასთან” დაკავშირებული ყველაზე კრიტიკული შეკითხვებიც კი პასუხგაცემული და ამოწურულია” – პრემიერი

97

ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, ვაკეთოთ ის, რაც სწორია და აბსოლუტურად გაბედული ნაბიჯებით განვახორციელოთ პროგრამები, რომლებიც, მივიჩნევთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების პროგრამაში დისციპლინის „მე და საზოგადოება“ შემოღებასთან დაკავშირებული შენიშვნების კომენტირებისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის მიმართ გაუთავებელი თავდასხმები და სპეკულაციები მიუღებელია.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობამ ეს საკითხი დეტალურად განიხილა და საჯარო სივრციდან წამოსული, თუნდაც ყველაზე კრიტიკული შეკითხვებიც კი პასუხგაცემული და ამოწურულია.

„იმაში, რომ ადრეული ასაკიდანვე ჩვენს თანამოქალაქეებს უნდა ვასწავლოთ და განვუვითაროთ პასუხისმგებლობის გრძნობა, დადებითის გარდა არაფერია. რისკები ყველაფერში არსებობს და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ასეთი რისკების თავიდან აცილებას. პედაგოგების მომზადებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება. თუმცა, რისკების არსებობის შესაძლებლობა არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი დისციპლინა საჭირო არ არის და ამაზე ყველანი ვთანხმდებით“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის სახელით, განათლების მინისტრს მხარდაჭერა გამოუცხადა და მოუწოდა, სამინისტროს კარი ნებისმიერი ასეთი დიალოგისთვის მაქსიმალურად იყოს გახსნილი.

„ბრალდებები და ინსინუაციები ფსევდოტრადიციულ ღირებულებებზე აბსოლუტურად მიუღებელია და არანაირი კავშირი ამ საგანსა და სპეკულაციებს შორის არ არსებობს. ჩვენ, განხილვების პროცესში, უნდა გამოვრიცხოთ, თუკი რაიმე ასეთი რისკი შეიძლება არსებობდეს. ნებისმიერი ასეთი საკითხი, რომელიც შეიძლება წამოიჭრას მომავალში, უპირველეს ყოვლისა განხილული უნდა იყოს მთავრობაში და შემდგომ უკვე გუნდურად გამოითქვას მხარდამჭერი განცხადებებიც, რადგან, არ უნდა შეგვეშინდეს, ვაკეთოთ ის, რაც სწორია და აბსოლუტურად გაბედული ნაბიჯებით განვახორციელოთ პროგრამები, რომლებიც, მივიჩნევთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g