დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლო მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს.
დასკვნითი პროცესი 6 დღის წინ გაიმართა, სადაც მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წაიკითხეს. სხდომაზე პროკურორმა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ დარღვევებზე ისაუბრა. პროკურორ ვალერი კუჭუხიძე განმარტავს, რომ პირველად დაკითხვაზე ღია ფერის ავტომობილზე პოლიციას ჩვენება არავინ მისცა. მისივე თქმით, ექსპერტების მიერ დასკვნები არასათანადოდაა შესრულებული.
ბრალდების მხარის არგუმენტებს არ იზიარებს დაცვის მხარე. კვირიკაშვილის ადვოკატის ნუგზარ კვინიკაძის თქმით, არსებობს მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ მორაგბის განცხადებას, იმის შესახებ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობდა ღია ფერის ავტომობილი.
საქმე ეხება ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა. შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.