„გამორთე ან გამართე“ – ამ სახელწოდების სოციალური კამპანიის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თბილისში ჰაერის ხარისხის მაჩვენებლის შედეგების პრეზენტაცია გამართა.
ორგანიზაციამ წერეთლის გამზირზე არსებული მდგომარეობა შეისწავლა, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის მზომი მდებარეობს. აღნიშნული სადგურის მონაცემებით, მოჭარბებული დამაბინძურებლები პირდაპირ კავშირშია ავტოტრანსპორტის ნაკადების ზრდასთან.
კვლევის ავტორების განცხადებით, აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით 58%-ით არის გაზრდილი, რაც უშუალოდ ავტომობილების გამონაბოლქვთან არის კავშირში.
გარემოს ეროვნული სააგენტოში ამბობენ, რომ ატმოსფერული ჰაერში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ისეთი დამაბინძურებლები არის დაფიქსირებული, როგორიც აზოტის დიოქსიდი – NO2, მიკრონაწილაკები PM2.5 და PM10 არის.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აუცილებელია, სრული სიმკაცრით ამოქმედდეს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება, აიკრძალოს ტრანსპორტის გადაადგილება კატალიზატორის გარეშე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტრანსპორტის გზისპირა კონტროლი სპეციალური აპარატურით მოხდეს. რაც შეეხება საწვავს, კვლევის მიხედვით, ამ ეტაპზე პრობლემას დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილებიც წარმოადგენს.