ეკონომკისა და სამართლის საერთაშორისო საბჭომ მევახშეობის ახალი რეგულაციები შეიმუშავა და იპოთეკური სესხების პრობლემატიკასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა.
როგორც ”ფორტუნასთან” საუბრისას საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი თედორაძემ აღნიშნა, საქართველოში შექმნილი სოციალური ფონიდან გამომდინარე, საბჭომ როგორც საბანკო სექტორში, ასევე კერძო მევახშეებთან და სხვა საკრედიტო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, სესხების პრობლემატიკა შეისწავლა, რის შედეგადაც 4 ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა – აღსრულების და ამომღები კომპანიების პრობლემა, არასამართლიანი პირგასამტეხლოების გაზრდის პრობლემატიკა და წლიური განაკვეთი, რომელიც ყველა დადგენილ სტანდარტს აღემატება.
”ჩვენ ასევე შევისწავლეთ სასამართლო პრაქტიკა, გაპრობლემებურ სესხებთან დაკავშირებით. აღმოვაჩინეთ, რომ ამ მიმართულებით, სასამართლოც ტენდენციურია – გამსესხებლის ინტერესებს უფრო იცავს და აღსრულება არასამართლიანი გზით ხდება. იპოთეკით დატვირთული ნივთის პირველადი დადგენის ფასი პირველ აუქციონზე მხოლოდ ვალიდან გამომდინარე თანხიდან ითვლება, მეორე აუქციონზე განახევრებული ფასიდან და მესამე აუქციონზე კი საერთოდ 0-დან იწყება. აქედან გამომდინარე, ჩვენ კანონპროექტის მთავარ იდეად დავსახეთ, რომ ეს პრობლემები აღმოგვეფხვრა და მსესხებელი და გამსესხებელი გაგვეთანაბრებინა”, – განმარტავს ირაკლი თედორაძე.
მისივე თქმით, კანონპროექტში შემდეგი დებულებებია: პირგასამტეხლო მხოლოდ დარჩენილი ძირი თანხის ოდენობიდან უნდა იწყებოდეს და არა სრული თანხიდან, წლიურ საპროცენტო განაკვეთს ეროვნული ბანკი უნდა ადგენდეს და კერძო მევახშეები და ონლაინ სესხების კომპანიები ეროვნული ბანკის რეგულაციებს უნდა ექვემდებარებოდნენ, არ უნდა არსებობდეს სესხების გაცემის უფლება სხვა ვალუტაში, გარდა ლარისა.
”გარდა ამისა, ჩვენი შეთავაზებაა, რომ მევახშეობა სამართლებრივ სტრუქტურაში გადავიდეს, რადგან დღეს კერძო მევახშეები დარეგულირების გარეშე რჩებიან და მათ შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება ნებისმიერი პროცენტით. ჩვენ მიერ ინიცირებული კანონი მოითხოვს, რომ კერძო იპოთეკარები და მევახშეები აუცილებლად რეგისტრირებულები უნდა იყვნენ როგორც ინდ. მეწარმეები, რადგან ეს მათი შემოსავლის წყაროა. მათი ხელშეკრულებები აუცილებლად უნდა იყოს დარეგისტრირებული იუსტიციის სახლში და სახელმწიფო მონიტორინგს უნდა უწევდეს შემოსავლების სამსახურის მეშვეობით. აქედან გამომდინარე, ჩვენ აღარ გვექნება ის მანკიერი პრაქტიკა, როდესაც კერძო ამომღებები ხალხს ატერორებენ და ბინები საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლებად იყიდება”, – აცხადებს ეკონომკისა და სამართლის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე.
კანონპროექტზე მუშაობისას, საბჭომ გერმანული და ამერიკული მაგალითები აიღო, სადაც მევახშეობა ლიცენზირებადი საქმიანობაა და მათ სრულად აკონტროლებს როგორც ეროვნული ბანკი, ასევე ფინანსთა სამინისტრო. რაც შეეხება მინიმალურ მოთხოვნებს, თედორაძის თქმით, მევახშე 21 წელს მიღწეული სუბიექტი უნდა იყოს, რომელსაც საბანკო ანგარიშზე გარანტიის სახით 5 000 ლარი აქვს დადებული. ასევე შევუზღუდეთ ერთ პიროვნებაზე გაცემული სესხის ოდენობა 5 000 ლარით.
”ჩვენი კანონპროექტი ასევე მოითხოვს, რომ აღმოიფხვრას ის მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ამომღები კომპანიები იპოთეკარებს ატერორებენ და არღვევენ კანონს პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ. სამოქალაქო კოდექსი და აღსრულების შესახებ კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ იპოთეკური და პრობლემატური სესხების ქონებით უზრუნველყოფა შეუძლია გააკეთოს მხოლოდ ორმა ორგანომ. ესენია აღსრულების ეროვნული ბიურო და სასამართლო. აქედან გამომდინარე, ეგრეთწოდებული ამომღები კომპანიები, რომლებიც ხალხს ატერორებს, არ არის საჭირო”, – მიიჩნევს ირაკლი თედორაძე,
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება, რათა ადამიანებმა ზუსტად იცოდნენ, თუ რა ხელშეკრულებას აწერენ ხელს და იპოთეკური სესხები, რომლებიც მევახშეების მიერ გაიცემა აუცილებლად არა მხოლოდ სანოტარო გზით უნდა იყოს დამტკიცებული, არამედ სახელმწიფო რეგისტრაციასაც უნდა მოიცავდეს.
”თუ ეს კანონპრექტი ძალაში შევა, სესხების ახალი სტანდარტი დაინერგება და ეს ბევრად გამარტივებული იქნება იმ მხრივ, რომ მევალეთა ერთიანი ბაზა იქნება და იმ პიროვნებებზე , რომლებიც უკვე პრობლემატურები არიან სესხები აღარ გაიცემა. კანონპროექტი დაარეგულირებს ურთიერთობას და ორივე მხარე თანაბარ პირობებში ჩადგება. ჩვენ თუ წლიურ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს დავთვლით, ზოგიერთ კომპანიაში ეს 150%-ს აღემატება, ზოგიერთში კი 1 000%-ს უტოლდება. ეკონომიკური დასკვნების მიხედვით კი, საპროცენტო განაკვეთებმაც უნდა დაიწიოს და სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთი 5-7 პროცენტით უნდა შემცირდეს. რის შედეგადაც საბოლოოდ მივიღებთ იმას, რომ არ გვექნება ამდენი გაპრობლემებული სესხი და ვალზე დაფუძნებული ეკონომიკა,“- განაცხადა თედორაძემ.
რაც შეეხება კანონის ამოქმედების ვადებს საბჭოს ხელმძღვანელი ვერ აკონკრეტებს და აღნიშნავს, რომ ეს პოლიტიკური ნებაა.
”ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს პარლამენტარებთანაც. თუკი მათი მხრიდან მხარდაჭერას ვერ მივიღებთ, ვგეგმავთ 30 000 ხელმოწერის შეგროვებას და საკანონმდებლო ინიციატივის შეტანას. ვფიქრობ, ეს კანონი აუცილებელია ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირისკენ მიისწრაფის და ევროპული სტანდარტების დანერგვა სურს”, – მიიჩნევს ირაკლი თედორაძე.