საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგეენკო ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა.
42 წლის ეკატერინე ტიკარაძე ამ დრომდე, საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოსტს იკავებდა.
2015 წელს იგი არა მხოლოდ საჩხერის საავადმყოფოს, არამედ მთლიანად არასამეწარმეო არაიურიდიული პირი „დოსტაქარის“ აღმასრულებელი დირექტორი გახდა. კავშირი კლინიკის გარდა მოიცავს ამავე ტერიტორიაზე მდებარე სასტუმრო „მედიჰაუსს“, რომელიც რეზიდენტებისა და საავადმყოფოში მომუშავე მედპერსონალისთვის არის განკუთვნილი და ასევე ურეკის ემერჯენსს.
ტიკარაძე 2015 წელს თანამდებობაზე სწორედ დავით სერგეენკომ წარადგინა.
ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოში მანამდეც მუშაობდა – ის სამედიცინო ცენტრში 2009 წლიდან იყო, როგორც მოწვეული კონსულტანტი.
მანამდე ტიკარაძე ავსტრიის კლინიკაში სწავლობდა Donau-Universität Krems- ში, ბიზნესისა და ადმინისტრაციის მენეჯმენტის ფაკულტეტზე.
2015 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის მუშაობდა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში, თუმცა რომელში არც უწყებას განუმარტავს და არც ტიკარაძის სამუშაო გამოცდილებაშია მითითებული.
მიუხედავად იმისა, რომ ტიკარაძე ასეთი ცნობილი ცენტრისა და კავშირის აღმასრულებელი დირექტორია, მის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ იძებნება.
სავარაუდოდ, სერგეენკო პრემიერის კონსულტანტი იქნება.
სად გააგრძელებს საქმიანობას სერგეენკო და ვინ ჩაანაცვლებს მას, ცნობილია
რაც შეეხება დავით სერგეენკოს, ის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა და 7 წლის განმავლობაში თანამდებობას უცვლელად ინარჩუნებდა. მანამდე სერგეენკო ტიკარაძის პოსტს იკავებდა – 2007 წლიდან 2012 წლამდე ის „საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანებას” გენერალური დირექტორი იყო, ასევე ეკატერინე ტიკარაძის მსგავსად კავშირი „დოსტაქარის”, აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებდა.
როგორც პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სწორედ დავით სერგეენკომ გაუწია ჯანდაცვის ახალ მინისტრს რეკომენდაცია. სერგეენკომ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და თქვა, რომ თანამდებობის დატოვება მისივე ინიციატივა იყო.