ირაკლი ჩარკვიანი მეუღლე, ქეთათო პოპიაშვილი პარლამენტის მიმდებარე აქციებზე ჩარკვიანის მუსიკის გაჟღერებას კიდევ ერთხელ ეხმაურება და განმარტავს, რომ ირაკლის შემოქმედება ზედმეტად აღმატებულია იმისთვის, რომ მხოლოდ პოლიტიკოსების სახელებთან, მათ გაძევებასა თუ აღზევებასთან ასოცირდებოდეს.
ქეთათო ამბობს, რომ “ხალხს ირაკლის ხმაზე მხოლოდ მოძალადე რეჟიმები და ამ რეჟიმების მოძალადე მმართველები არ უნდა აგონდებოდეს”.
“აქციების დასაწყისში, როცა მუსიკა ძალადობის საპასუხოდ გაჩენილი მუხტის ასამაღლებლად იყო გამოყენებული, როდესაც საკუთარი ღირსების დასაცავად გამოსულ ხალხს ნადირის ტყვიებით დამიზნებით უმასპინძლდებოდნენ, როდესაც არაერთი უდანაშაულო ადამიანი დაშავდა და როდესაც დაჩოქილ და ხელებაწეულ დემონსტრანტებს გადაუარეს, მაშინ სხვა რა, თუ არა ,,საქართველო?!” სხვა ვინ, თუ არ ირაკლი?! მაგრამ ამდენი დღის განმავლობაში, როდესაც ამ ძალადობრივ ქმედებაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს და შესაძლოა მთელი ზაფხული ამ არასახარბიელო რეჟიმში მოგვიწიოს ყოფნა, ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმე ამ სიმღერის გაშვება ნამდვილად ზედმეტია. ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედება ზედმეტად აღმატებულია იმისთვის, რომ მხოლოდ პოლიტიკოსების სახელებთან, მათ პოლიტსივრციდან გაძევებასთან, ან მათ აღზევებასთან იყოს დაკავშირებული, პოლიტიკოსების, რომლებიც თუ შევლენ ისტორიაში, არამგონია კარგი კვალი დატოვონ და ნამდვილად არ მინდა ამ დროებით სახელებთან ეს მართალი და მრავლისმთქმელი მუსიკა ასოცირდებოდეს. ხალხს ირაკლის ხმაზე მხოლოდ მოძალადე რეჟიმები და ამ რეჟიმების მოძალადე მმართველები არ უნდა აგონდებოდეს.
რაც შეეხება აქციების ორგანიზატორებს, მე მათ ვიცნობ და ანტისაოკუპაციო გამოსვლების დროს არაერთხელ დამკავშირებიან და სიტყვიერი თანხმობით მომხდარა კომპოზიციის გაშვება, რაშიც ანაზღაურება არ მომითხოვია. ახლა უკვე მე დავურეკე ერთ-ერთ ორგანიზატორს და ვთხოვე აღარ გაეშვათ კომპოზიციები, რისი მოთხოვნის — არადა, მე თხოვნით მივმართე, — როგორც მორალური, აგრეთვე სამართლებრივი უფლება მაქვს და ამდენი უაზრო ქილიკი, ქოც-ნაცობის ჟრიამული, დაუოკებელი და ღვარძლიანი კომენტარი, მორალის კითხვა ნამდვილად აღარ არის საჭირო. წინა სტატუსი ერთ კონკრეტულ ადამიანს ეხებოდა და ალბათ რომ დამეთაგა, ამხელა ემოციურ ფოიერვერკს აგარიდებდით:) სხვის საქმეში ყველა ბრძენია და ოკუპანტის, მთავარი ჩორთის ჩამგდების ენაზე ვიტყვი, რომ каждый судит по мере своей испорченности ?
არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს, არ გვინდა ნეგატივის კულტივირება, საკმაოდ რთული, ეკლიანი გზა გვაქვს გასავლელი მთავარ მიზნამდე. მე მჯერა, რომ – ჩვენ მოვიგებთ ომს!- წერს ქეთათო სოციალურ ქსელში
შეგახსნებეთ, ქეთათო პოპიაშვილის გაღიზიანებას აქციაზე ირაკლი ჩარკვიანის მუსიკის გაშვება იწვევს. ქეთათო “მეფის” სიმღერების გაჟღერებას ინტელექტუალური საკუთრების მიტაცებად აფასებს.
მაგათი ერთი ადგილის თამაშზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევი - ქეთათო აქციის ორგანიზატორებს აფრთხილებს
ქეთათო პოპიაშვილი აქციის ორგანიზატორებს აფრთხილებს
რამდენიმე დღის წინ რუსთავი 2-თან ინტერვიუში ქეთათო პოპიაშვილმა განაცხადა, რომ თუ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები მის “გაღიზიანებას” გააგრძელებენ, შესაძლოა, მან საავტორო უფლებების დარღვევისთვის სასამართლოში იჩივლოს.