LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტს ვეტო დაადო

87

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტს ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილის თქმით, მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს გადაეგზავნება.

”ეს ეხება სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების კვორუმის საკითხებს, ასევე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა 10-წლიანი ვადის სრულფასოვნად ფუნქციონირებას. ეს შენიშვნები უკვე მომზადებულია და დღეს გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს”,  – განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ დეპუტატები  შენიშვნებს გაიზიარებენ და საკონსტიტუციო სასამართლო ეფექტურ ფუნქციონირებას გააგრძელებს.

”ბოლო პერიოდის განმავლობაში, გამომდინარე პრემიერ-მინისტრის კონსტრუქციული პოზიციიდან, ჩვენ მოვახერხეთ და მუშაობა განვახორციელეთ როგორც ბატონ კვირიკაშვილთან, ასევე უმრავლესობასთან. ამ მუშაობის შედეგად, პარლამენტს გადაეგზავნება ის მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც აქამდეც გამოხატავდა ჩვენს კითხვის ნიშნებს. ჩვენი თანამშრომლობის შედეგად ბატონ პრემიერ-მინისტრთან, მე მაქვს იმედი, რომ ჩვენი პოზიციები იქნება გაზიარებული, პარლამენტი ვეტოს გაიზიარებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს ეფექტურ ფუნქციონირებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების თანახმად, რომელიც პარლამენტმა 14 მაისს მიიღო, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის ფიცის დადებიდან, ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, პლენუმის სხდომა ჩატარდება, რომელიც 5-წლის ვადით აირჩევს საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.

ამავე წესით აირჩევს მის ორ მოადგილეს.

სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენის უფლება თავად საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება – თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევაში აღარ ჩაერთვება პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და კანდიდატურას თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები წარადგენენ.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან მის მოადგილედ არ შეიძლება აირჩეს პირი, მეორე ვადით.

პოპულალურები