საქართველო პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემასთან ვრცელ ინტერვიუში ოჯახურ ძალადობაზეც ისაუბრა. „ფიგაროს“ ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი დამკვირვებელი და სპეციალისტი გვარწმუნებს, რომ ქართული საზოგადოება დიდხანს რჩებოდა კონსერვატორად, ქალები შინ რჩებოდნენ, მამაკაცები გარეთ იყვნენ. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს სტერეოტიპული აზრია.
„ქალებმა ძალიან დიდი როლი შეასრულეს საქართველოს ისტორიაში. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ საქართველო ქრისტიანულ რელიგიაზე ქალმა მოაქცია. შემდეგ, ქართული რენესანსის პერიოდსა და ოქროს ხანაში ქვეყანას მართავდა ქალი, რომელსაც „მეფეს“ ეძახდნენ. ამ ყველაფერმა თავისი ზეგავლენა მოახდინა ქალებისა და მამაკაცების ურთიერთობაზე. საბჭოთა პერიოდში ყველა მუშაობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქალთა როლი კიდევ უფრო გაძლიერდა. ქალებმა ხელში აიღეს ქვეყნის ბედი და, ინდუსტრიული ქსოვილის რღვევის პირობებში, რეალობას მოერგნენ. საქართველო მაშინ გზააბნეული იყო, მძლავრი ეკონომიკის გარეშე, იმ სამყაროს პირისპირ, რომლის კარიც ახლა იწყებდა გაღებას. რაც შეეხება მამაკაცებს, მათ უწინ ქვეყნის დაცვის მისია ჰქონდათ და მათაც დაიწყეს თავიანთი ადგილის დაბრუნების მცდელობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს ოჯახური ძალადობა, ზურაბიშვილი პასუხობს.
“დიახ, ეს ახალი ფენომენია და ჩემი აზრით, მამაკაცების „რანგის“ დაკარგვასთან არის დაკავშირებული. ამაზე მეტყველებს ქართული ეკონომიკური ემიგრაციაც: ემიგრაციაში ძირითადად ქალბატონები მიდიან და თავიანთ ხელფასს უგზავნიან მამაკაცებს, რომლებიც ადგილზე რჩებიან”, – აცხადებს პრეზიდენტი.
ივანიშვილი საქართველოში მეცენატობას ეწევა, მაგრამ ფულს არ აკეთებს – სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილის „ფიგაროსთან“ ინტერვიუს თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.