LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”შუხმან ვაინს ჯორჯიას” ყურძნის წიპწის ზეთი ექსპორტზე ევროპაში გავა

725

”შუხმან ვაინს ჯორჯიას” ყურძნის წიპწის ზეთი მომავალი წლიდან სარეალიზაციო ქსელში გამოჩნდება. პროდუქცია საწყის ეტაპზე თბილისში სავაჭრო ქსელებსა და ღვინის მაღაზიებში გაიყიდება, სამომავლოდ კი მისი გატანა ექსპორტზე ევროპის ქვეყნებშიც იგემება.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განუცხადა,   ”შუხმან ვაინს ჯორჯია” სარეალიზაციო ყურძნის წიპწის ზეთის 1500-ამდე ბოთლის წარმოებას აპირებს,  გასაყიდი ფასი კი საშუალოდ 10 ლარი იქნება.

”ყურძნის წიპწის ზეთს ორი მნიშვნელოვანი დანიშნულება აქვს – გასტრონომიული და კოსმეტიკური მიმართულება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მომხმარებლისთვის ძალიან საინტერესო იქნება ეს პროდუქტი. ამასთან, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში, სამომავლოდ ექსპორტზეც გავალთ”, – აღნიშნა აბრამიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კომპანიას 2017 წლისთვის წარმადობის გაზრდაც აქვს დაგეგმილი. კახეთში, ”შუხმან ვაინს ჯორჯიას” ვენახებში უკვე დასრულდა რთველი 2016 და როგორც კომპანიის დირექტორმა განმარტა, წელს საკმაოდ კარგი მოსავალი იყო. შესაბამისად, მომავალი წლისთვის მილიონ-ნახევარი ბოთლი ღვინის წარმოება იგეგმება.   ”ვიწყებთ უკვე მზადებას 2017 წლისთვის. ვზრდით პროდუქციის რაოდენობას. მოგეხსენებათ, ექსპორტზე 20 ქვეყანაში გავდივართ, აქედან ისეთ საინტერესო და ახალ ბაზრებზე, როგორებიცაა: ჩინეთი, ბრიტანეთი,  იაპონია.

რაც შეეხება ჩინეთს,  “თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” მიღწეული შეთანხმების მიხედვით, რომლის ფარგლებშიც ქართველი მეწარმეები ღვინოსა და აგრარულ პროდუქციას ჩინეთის ბაზარზე ბაჟის გარეშე შეიტანენ, ვგეგმავთ ამ ქვეყნაში საექსპორტო პროდუქციის რაოდენობა საგრძნობლად გავზარდოთ. 2016 წელს ჩვენი საექსპორტო ქვეყნების ტოპ-სამეულში, ჩინეთი ბოლო ადგილზე იყო,  2017 წელს კი ეს ქვეყანა  პირველ ადგილზე გადმოინაცვლებს”,- განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

რაც შეეხება პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს, როგორც ნუცა აბრამიშვილმა განმარტა, ამ ქვეყნებიდან ”შუხმან ვაინს ჯორჯია” თანამშრომლობს უკრაინასთან, ყაზახეთთან და ბელორუსთან, რუსეთში კი –  კომპანიის პროდუქცია  არ შედის. ”პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, მოგეხსნებათ, რომ ფინანსური კრიზისია. შესაბამისად, ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა  რომ არ მოხდეს მათი მხრიდან, ექსპორტზე გასვლისგან თავს ვიკავებთ. გამონაკლისია  უკრაინა, ყაზახეთი  და ბელორუსი-  სერიოზული დევალვაცია განიცადა მათმა ეროვნულმა ვალუტებმაც, თუმცა ვცდილობთ, შევინარჩუნოთ მეგობრული ურთიერთობა და მათ მიმართ ხისტ პოლიტიკას არ ვატარებთ”, – დასძინა აბრამიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, წელს ”შუხმან ვაინს ჯორჯიას” სიახლე ტურისტული თავლსაზრისითაც ჰქონდა.  კომპანიამ  მომხმარებელს ღვინის სპა შესთავაზა. როგორც ”ფორტუნას” ნუცა აბრამიშვილმა განუცხადა, კახეთში, სოფელ კისისხევში, ”შუხმანის შატოში” აღნიშნულ სერვისზე, მიმდინარე ზაფხულს,  ტურისტების ძალიან დიდი მოთხოვნა იყო.

ცნობისთვის, ღვინის მწარმოებელი  კომპანია ”შუხმან ვაინს ჯორჯია” ქართულ ბაზარზე 2009 წლიდანაა წარმოდგენილი. 2 წლის წინ კი ”შუხმან ვაინს ჯორჯიამ” ფორმატი შეიცვალა და ჰოლდინგურ კომანიამ ჩამოყალიბდა. ამ ეტაპზე ის აერთიანებს ღვინის ბარს თბილისში, რესტორანსა და სასტუმროს კახეთში, ღვინის სპას, ასევე შემომყვან ტურისტულ კომპანია- ”შუხმან თრეველს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g