”ნაციონალური მოძრაობის” წევრი მიხეილ მაჭავარიანი მინიმუმ მომდევნო 4 წლის განმავლობაში პოლიტიკურ ტაიმ-აუტს იღებს, ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. მაჭავარიანი რჩება პარტიის აქტიურ მხარდამჭერად და წევრად, თუმცა ამ ეტაპზე პოლიტიკური საქმიანობისგან შეისვენებს.
”ვიღებ პოლიტიკურ ტაიმ-აუტს, თუნდაც, რომ მომიწიოს შესვლა პარლამენტში, ვერ ვხედავ რესურსს ის საქმე გავაკეთო რაც მე მაინტერესებს. ეს პარლამენტი ეკონომიკაში არაფერს შეცვლის. რა ეკონომიკური საკითხებიც არ უნდა წამოგვეწია, გვპასუხობდნენ რა დროს ეკონომიკაა, ყველაფერი კარგად არისო. 27 ადამიანი შედის ჩვენგან პარლამენტში, ვიბრძვით მაჟორიტარებისთვის და თუ მოგვიწია კიდევ შესვლა, უმჯობესია ახალი ადამიანები შევიდნენ, ვისაც მეტი გამოწვევა ექნებათ. პარტიულ თანამდებობაზე არც ვარ. რაღაც საკითხებზე ვიქნები აქტიური, გავაქტიურდები ”ფეისბუქზეც”. შესაძლოა, პარტიის სახელით აღარ გავაკეთოთ ბრიფინგები, თუმცა დავეხმარები და მხარს დავუჭერ, რადგან ძალიან კარგი ხალხია ამ პარტიაში და ერთი მსოფლმხედველობა გვაქვს. პარტიის წევრი რა თქმა უნდა, ისევ ვიქნები, ასევე ვიქნები აქტიური მხარდამჭერი და ჩემს სამოქალაქო პოზიციას ყოველთვის ღიად დავაფიქსირებ”, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მაჭავარიანი პოლიტიკური ტაიმ-აუტის პერიოდში სამეცნიერო საქმიანობით დაკავდება.
„მაინტერესებს დისერტაცია დავიცვა პოლიტიკურ მეცნიერებებში, მაინტერესებს ლექციების წაკითხვა. მე ვფიქრობ, რომ მომავლისთვის უნდა მოვემზადო. ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს, ძალიან დიდი პრაქტიკა მაქვს და მინდა ამის რეალიზაცია მოვახდინო. პოლიტიკა ხომ იცით როგორი რაღაცაა? მუდმივად შესაძლოა დაბრუნდე როცა გირჩევს გუმანი, რომ დროა დაბრუნების. გადავდექი მინისტრობიდან, მაგრამ ერთ წელში ისევ პარლამენტში შევედი”, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ განვითარდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, მაჭავარიანის პროგნოზით, ”ქართული ოცნების” ეროზია გარდაუვალია.
”ჩემთვის მინიმუმ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე საინტერესო არ იქნება პოლიტიკური საქმიანობა. ვნახოთ ”ოცნება” რას აპირებს კონსტიტუციაში. მე ვფიქრობ, ბევრი შეცდომა მოუვათ. მიუხედავად იმისა, რომ ახლაც ბევრ შეცდომას უშვებენ, ჩვენი მოქალაქეების ბევრმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ეს ხალხი დარჩეს და არაფრის კეთება და ქვეყნის უკან დახევა გაგრძელდეს. მესმის ამ ხალხის არჩევანის, რადგან არჩევნებამდე ”ოცნებამ” დააშინა და შეაშინა. 8 ოქტომბრის მერე გაგიგიათ ვინმეს ფარული ჩანაწერი გამოექვეყნებინოს, ან ვინმე დამხობას ამზადებდეს? ასეთი რამე გაგიგიათ? ეს ნიშნავს, რომ მარტო ამაზე იყო კონცენტრირებული ხელისუფლება, თვითონ დებდა ჩანაწერებს, თარგამაძეზე თავდასხმა გაუხსნელია. პრობლემა ბევრია – ლარი გაიქცა, ეკონომიკაში არაფერი ხდება. ისეთივე სცენარი განვითარდება როგორც შევარდნაძის დროს. 1999 წელს ჩვენ მოვიგეთ არჩევნები, შემდეგ შევარდნაძემ მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები უპრობლემოდ 2002 წელს, მაგრამ ეროზია მოხდა ხელისუფლების. ასეთივე ეროზია მოხდება ხელისუფლების, რადგან პრობლემები იქნება ძალიან სერიოზული”, – აღნიშნა მაჭავარიანმა.