ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეროვნებით ჩინელებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების ოჯახის წევრები არიან, შეუძლიათ უხანიდან საევაკუაციო თვითმფრინავებით გაფრინდნენ. „ოჯახის ფაქტორის გათვალისწინებით, უხანში მყოფ ჩინეთის მოქალაქეებს, რომლებიც უცხოელების ოჯახის წევრები არიან, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ ოჯახთან ერთად წავიდნენ“, – განუცხადა მინისტრმა „როიტერსს“.
შეგახსენებთ, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, არაერთი ქვეყნის ხელისუფლება გეგმავს ჩინეთის ქალაქ უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას, მათ შორის არის აშშ, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი და სხვა.
ჩინეთის ქალაქი უხანი, როგორც ცნობილია კორონა ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია, ამ დრომდე ქალაქში კარანტინი იყო გამოცხადებული და ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოქალაქეებს ქალაქის დატოვების საშუალებას არ აძლევდნენ.