საქართველოში ჩამოსული ქალი აეროპორტიდან ვირუსის ნიშნებით ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრში ცოტა ხნის წინ გამართულ, კიდევ ერთ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით ორი კვირის წინ ის ჩინეთში, ქალაქ უხანში იმყოფებოდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის თქმით, ჩინეთიდან ტრანზიტული რეისით დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეს ცხელება და რესპირატორული ინფექციის ნიშნები აღენიშნებოდა.
“ჩვენი ბრიგადა გასულია აეროპორტში, იღებენ სინჯს და ჩატარდება მოლეკულური კვლევა ლუგარის ცენტრში,” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 7 700-ზე მეტია. ბოლო მონაცემებით, ვირუსი ჩინეთის 31 რეგიონში გავრცელდა და მთელი ქვეყანა მოიცვა.კორონავირუსის შემთხვევა 10-ზე მეტ ქვეყანაში გამოვლინდა, მათ შორის: სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაილანდში, მალაიზიაში, ნეპალში, ვიეტნამში, აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრალიაში, კანადასა და შრილანკაში.