ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება პოლიტიკოსებმა და საზოგადოების სხვადასხვა დარგის წამორმადგენლებმა შეაფასეს.
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ვანო მერაბიშვილს ყველაზე სასტიკი დარბევა, პოლიტიკური ტერორი, თვალთვალი და არაადამიანური ოპერაციები უკავშირდება. მისი თქმით, მერაბიშვილი ყველაზე არაადამიანური სისტემის “ხერხემალია”.
"ეს, ხედავთ კიდევ როგორ იმუქრება?! ვერ ეღირსებით ხელისუფლებაში დაბრუნებას!" - ია მეტრეველი
"ხალხი არ დაუშვებს თქვენს მობრუნებას თქვე დაუნდობელო ჯალათებო" - ია მეტრეველი.
“მერაბიშვილი გამოვიდა. ჯერ გისოსის კარი არ გაჯახუნებულა და უკვე “ახალ” პოლიტიკურ ლიდერად აქციეს. კაცი, რომელიც არაადამიანური სისტემის მთავარი სახე და “ხერხემალი” იყო, დღეს სამართლიანობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ სურთ წარმოაჩინონ. წარმოდგენაც ძნელია როგორ არ სცემენ პატივს ქართველ ხალხს, ვინც ამას აკეთებს. ვანო მერაბიშვილი 2004-დან 2012 წლამდე შს მინისტრი იყო და მის სახელს უკავშირდება აქციების ყველაზე სასტიკი დარბევა, პოლიციური ტერორი, თვალთვალი და არაადამიანური ოპერაციები. და ამ ადამიანებს, ვინც ვანოს რეაბილიტაციაშია ჩართული, ვისაც აგერ ჩემს ფბ მეგობრებში ვხედავ, პრეტენზია აქვთ სამართლიანობის გაგებაზე, მისთვის ბრძოლაზე. “ქართული ოცნება” და მასთან ერთად მთელი პოლიტიკური ელიტა მარტო იმიტომ უნდა განადგურდეს პოლიტიკურად, რომ ვანოს გამოსვლა მოვლენად იქცა“, – წერს მენაბდე.
“მერაბიშვილი ციხიდან გამოსვლის შემდეგ აუცილებლად გააგრძელებს ბრძოლას ქართველ ხალხთან ერთად”, – ამის შესახებ “ფორტუნას” “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთო კახიძემ განუცხადა. მისი თქმით, მერაბიშვილს, პოლიტიკაში ყოფნის დროს, მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაშიც დიდ წვლილს შეიტანს.
“მერაბიშვილი, ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთვება. 7-წლიანი სასჯელი მოიხადა და ივანიშვილთან არანაირ კომპრომისზე არ წავიდა, საკუთარ თავზე მიიღო ეს დარტყმა. შესაბამისად, ციხიდან გამოსვლის შემდეგ აუცილებლად გააგრძელებს ბრძოლას ქართველ ხალხთან ერთად. მნიშვნელოვანი, წონადი ფიგურა შეემატება პოლიტიკურ სპექტრს. პოლიტიკაში ყოფნის დროს მერაბიშვილს მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა და სახელმწიფოს მშენებლობაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი, ამიტომ მაქვს მოლოდინი, ივანიშვილის რეჟიმის დასასრულშიც სერიოზულ წვლილს შეიტანს”, – აცხადებს კახიძე.
“ქართული ოცნების” წევრის, ზაზა გაბუნიას თქმით, ვანო მერაბიშვილის “გაკეთილშობილება” შეუძლებელია, ხოლო მის განცხადებას მთვარობის დამხობის შესახებ სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს.
“მკვლელისგან ნელსონ მანდელა არ დადგება, ეს ერთი. მეორე საკითხი, ნებისმიერ ამ ტიპის განცხადებაზე, ბუნებრივია, სამართლებლივი რეაგირება იქნება. ეს იყო წამოცდენა? მაშინ მან უნდა ახსნას. ეს იყო გეგმა, გეგმის ნაწილი, რომელიც მან განაცხადა და გააცხადა? ამაზე იქნება რეაქცია და რეაგირება”, – აცხადებს გაბუნია.
პოლიტიკური გაერთიანება “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე კი აცხადებს, რომ მისი გუნდი მერაბიშვილთან თანამშრომლობას არ აპირებს. ხაზარაძემ ასევე მერაბიშვილის, ციხის დატოვების შემდეგ გაკეთებულ პირველ განცხადებას აფასებს და აღნიშნავს, რომ მისთვის ხელისუფლების “დამხობის” გზით ცვლილება მიუღებელია.
“ნებისმიერი ადამიანი, ვინც მოიხდის სასჯელს, მივესალმები მის თავისუფლებაზე ყოფნას. რაც შეეხება განცხადებას, ჩემთვის პირადად მიუღებელია სიტყვა დამხობა, ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს რევანში, უნდა დამთავრდეს ხელისუფლების დამხობისა და რევოლუციური გზით შეცვლა. ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი ხვალინდელი დღისთვის”.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გათავისუფლებას, “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერიაც ეხმაურება. როგორც მან “ფორტუნასთან” საუბარში აღნიშნა, მერაბიშვილი ციხეში ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთით იჯდა.
“მერაბიშვილის პატიმრობა იყო საქართველოს უახლესი დემოკრატიის ისტორიაში ერთ-ერთი ლაქა. ივანიშვილმა პოლიტიკური რეპრესიები დაამკვიდრა იმ ხალხის მიმართ, ვინც აღიზიანებდა ან პოლიტიკურ საფრთხეს უქმნიდა. მიხარია, რომ ამხელა სასჯელის შემდეგ, ერთკაციან კამერაში 7 წელი მჯდომი პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლებულია. ის ჩემი მეგობარია. ეს ისტორიაც არის ერთ-ერთი ლაქა ჩვენი უახლესი დემოკრატიის ისტორიაში, რომ ასეთი რამ მოხდა. სწორედ ამიტომ ივანიშვილის რეჟიმი არჩევნების გზით მშვიდობიანად უნდა დასრულდეს, რომ ასეთი ამბები არასდროს აღარ მოხდეს საქართველოში, რომ პოლიტიკური დაკვეთით ვინმე ციხეში იჯდეს”, – განაცხადა ბოკერიამ.
დააბრუნებს თუ არა ივანიშვილი მერაბიშვილს ციხეში
შეგახსენებთ, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დილით დატოვა. მან ციხეში 6 წელი და 9 თვე გაატარა. მერაბიშვილს მეგობრები, ყოფილი თანაგუნდელები და მხარდამჭერები დახვდნენ. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი 2013 წელს, ფულის მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით სხვა ბრალდებებიც დაემატა: 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით.