LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დააბრუნებს თუ არა ივანიშვილი მერაბიშვილს ციხეში

1461
8c9ebb42-756b-40b4-8140-12376820f8e3-cx0-cy6-cw0-w1023-r1-s

ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი თავისუფალია.

ვანო მერაბიშვილმა „მატროსოვის ციხე“ ზუსტად 09:00 საათსა და 58 წუთზე დატოვა.
ამბობენ, შესაძლოა, ყოფილმა პრემიერმა გიგი უგულავას ბედი გაიზიაროსო.

ვანო მერაბიშვილის უფლებადამცველი გიორგი ჩივიაშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ „ოცნება“ „უგულავას მეთოდს“ მერაბიშვილის შემთხვევაში ვერ გამოიყენებს.

„7 ნოემბრის საქმე არ არის დასრულებული, მაგრამ ამ საქმეზე ვეღარ მიუსჯიან სასჯელს მერაბიშვილს, რადგან ძველი საქმეა და მოხდილი აქვს სასჯელი. უგულავას მეთოდს მერაბიშვილის საქმეზე ვერ გამოიყენებენ და რაიმე ახალი თუ მოიგონეს, არ ვიცი, ეს ცოტა უხერხულიც იქნება“, – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

 

ადვოკატი და „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრი შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილი პუტინის “კალკირებას” აკეთებს და არ გამორიცხავს, რომ მერაბიშვილმა უგულავას ბედი გაიზიაროს.

„პროგნოზირება გამიჭირდება და ალბათ არც იქნება სწორი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, „ქართული ოცნების“ საქციელს, განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში, უგულავას დაპატიმრებას ვგულისხმობ, გამორიცხული არაფერია. შესაძლებელია, მერაბიშვილი კვლავ ვიხილოთ ციხეში.
რის გამოც იხდიდა ვანო მერაბიშვილი სასჯელს, უკვე მოიხადა. არ მომხდარა ვადამდე გათავისუფლება და ა.შ. თუ რაიმე ახალი ბრალდება წაეყენება, ამას თეორიულად არ გამოვრიცხავ. ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ ძალიან მცდარი და დამაზიანებელი კურსი აქვს აღებული. როგორც ზოგადად ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, ისე კონკრეტულად სახელისუფლებო ძალისათვისაც. ყველა მისთვის არასასურველი ადამიანის მიმართ რეპრესიების გამოყენებას არ ერიდება. ამ პოლიტიკიდან გამომდინარე გამორიცხული არ უნდა იყოს მოვლენების ასე განვითარება. წინასაარჩევნოდ დაიწყო მისთვის არამომგებიანი საქმეების წარმოება. კერძოდ, ხაზარაძის წინააღმდეგ “ტვ პირველის” დამფუძნებლის მიმართ, გიგი უგულავა წინასაარჩევნოდ ფაქტობრივად მოლაპარაკებების მაგიდიდან აიყვანეს.
„ქართული ოცნება“ დაადგა რეპრესიულ გზას. იმეორებს პუტინის ნაბიჯებს და უნდა ისეთივე რეპრესიული მეთოდები დაამკვიდროს ქვეყანაში, როგორიც აქვს პუტინს დამყარებული რუსეთში. მაგრამ ეს არ გამოუვა, ივანიშვილი პუტინის “კალკირებას” აკეთებს. პუტინი სხვა თუ არაფერი ბირთვული სახელმწიფოს მმართველია. ივანიშვილი თავისი შემორჩენილი ადამიანებით თუ აპირებს რეპრესიების დაწყებას და ქართული საზოგადოების კონტროლს, ვეტყვი, რომ ძალიან არასწორად აფასებს საქართველოს და ქართულ საზოგადოებას“, – აცხადებს შალვა შავგულიძე „ფორტუნასთან“ საუბარში.

“ენამ ხომ არ უყივლა, როდესაც თქვა, რომ 9 წელი და 6 თვე იყო ციხეში?!” – ემზარ კვიციანი მერაბიშვილზე

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლა ქართულ პოლიტიკაში ტემპერატურას ვერ შეცვლის, რადგან ყველას გვახსოვს, როგორ ითხოვდა ორ „ტრუპს“.

ბატონო რამაზ, მერაბიშვილმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, პოლიტიკურად გააქტიურდებოდა და დაგვპირდა, რომ ამ ხელისუფლებას ერთ წელიწადში დაამხობდა. შეიძლება კვლავ ვიხილოთ საპატიმროში?

ამ ქვეყნად შეუძლებელი არაფერია. მსგავს განცხადებებს ყოველდღე ვისმენთ ოპოზიციური პარტიებიდან. მაგრამ ყველა ციხეში არ არის, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს.

მაგრამ ყველა მერაბიშვილი ხომ არ არის…

რა თქმა უნდა, ყველა მათგანი მერაბიშვილი არ არის, მაგრამ არც ყველას აქვს იმდენი დანაშაული ჩადენილი, რამდენიც მერაბიშვილს. თუკი გართულდება „ოცნებისთვის“ საქმე მერაბიშვილის მოღვაწეობით, „ოცნებაც“ გაურთულებს მერაბიშვილს საქმეს. თუკი საბაბი ექნება, მოხდება ის, რაც უგულავას შემთხვევაში მოხდა.

მოსახლეობა ხომ კიდევ უფრო დაიბნევა. ბევრმა ვეღარ გაიგო თემიდას სასწორი რომელ მხარეს არის უფრო გადახრილი.

მერაბიშვილის განცხადებები ჯერჯერობით სამართლებრივ ჩარჩოებს არ სცდება. მაგრამ თუკი ამ ჩარჩოებს გასცდება, მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება, რადგან მის მიმართ სიმპატიები ბევრს არ აქვს. ყველას ახსოვს, მერაბიშვილი ორ ტრუპს რომ ითხოვდა, მეტს არა.

“გაძლევთ გარანტიას ეს ხელისუფლება დასრულდება”- ვანო მერაბიშვილი თავისუფალია

მერაბიშვილმა სახლში თავისი ავეჯი დაიმხოს თავზე – ლევან გოგიჩაიშვილი

ციხიდან გამოსვლის შემდეგ ისეთი განცხადებები გააკეთა, რომ ფაქტია, არ ითვალისწინებს მიხეილ სააკაშვილის რჩევას. ყოფილმა პრეზიდენტმა ურჩია, დაისვენეო. გამოდის, არ უჯერებს სააკაშვილს, არ მიდის დასასვენებლად…

როგორც ჩანს, განცხადების დონეზე არ მიდის, მაგრამ შეიძლება, განცხადების გარეშეც, დაისვენოს ადამიანმა.

დასვენების დრო არ აქვს, დაგვპირდა, ერთ წელიწადში დაასრულებს ამ ხელისუფლებას.

რომელიმე სხვა ოპოზიციონერისგან განსხვავებული დაპირება მოგისმენიათ? მე ხელისუფლებისთვის დრამატური სცენარის განვითარების შანსს მაინც ვერ ვხედავ.

“მივესალმები ვანო მერაბიშვილს, მე ვამაყობ მისი გაუტეხლობით” – მიხეილ სააკაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g