ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევიდან მოქალაქე, რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია, კარანტინში გადაიყვანეს.
იტალიიდან დაბრუნებული ქალი წყალტუბოში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში მიიყვანეს.
მანამდე იტალიიდან დაბრუნებული ქალი აცხადებდა, რომ კარანტინში გადასვლას არ აპირებდა. ის იტალიიდან მეუღლის გარდაცვალების გამო ჩამოვიდა. მეზობლები კი მისი შიშით პანაშვიდზე არ მიდიოდნენ. ადგილობრივებმა იტალიიდან დაბრუნებული ქალის სოფლიდან გაყვანა მოითხოვეს. ოჯახში სამართალამცველებიც მივიდნენ, რის შემდეგაც ქალმა გადაყვანაზე თანხმობა განაცხადა.
როგორც ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, მოქალაქემ თვითიზოლაციის გაფრთხილება დაარღვია, რის გამოც მისი კარანტინში გადაყვანა აუცილებელი გახდა.
დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში 9 ადამიანი გადაიყვანეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით აქტიურად აგრძელებს. ხარაგაულიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან, მარნეულიდან, ქობულეთიდან და ბათუმიდან 9 მოქალაქე, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს იძულებით საკარანტინო ზონაშია მოთავსებული.
ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 12 ადამიანია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.