საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ დღეს ჩინეთიდან სპეციალურ რეისს ელოდებიან. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ქვეყანაში შემოვა ორი ტიპის ტესტი. ერთი იმის მსგავსია, რასაც საქართველო ამ დრომდე იყენებს. ამით ქვეყანაში შეივსება მარაგი. რაც შეეხება მეორე სახის ტესტს, მინისტრის თქმით, ეს არის სწრაფი ტესტი, რომლის საშუალებით დროის უფრო მოკლე მონაკვეთში დადგინდება ვირუსული ინფექცია.
“ჩვენი გეგმაა იმ ადგილებში, სადაც კორონავირუსის გავრცელების საშიშროების მაღალი რისკია, დავიწყოთ სწრაფი ტესტირება. ასეთ ადგილად დღეს მარნეული მიიჩნევა” – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.
მინისტრის განმარტებით, ტესტების შემოტანა სახელმწიფო შესყიდვებია და ის მიზანშეწონილად არ მიიჩნევს მის გამოყენებას კომერციული მიზნებისთვის.
„ჩვენ ვყიდულობთ საკმაოდ დიდი რაოდენობის ტესტებს და ეს არის სახელმწიფო შესყიდვები. არ მიგვაჩნია, რომ ეს ტესტები უნდა იყოს გამოყენებული კომერციული მიზნით. გარდა ლუგარის ლაბორატორიისა, ჩართულია სხვადასხვა ლაბორატორია, რათა გეოგრაფიული სეგმენტი გავშალოთ. თუმცა ამ ეტაპზე კომერციალიზაცია მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.