“მკაცრი კარანტინის რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილება ძალიან ფრთხილად უნდა მიგვეღო” – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ გნაცხადა. იტალიის მოსახლეობა მთავრობას კორონავირუსის გავრცელების ასაცილებლად მკაცრი ზომების შემოღების დაგვიანების გამო აკრიტიკებს. პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ პირველივე კლასტერის გაჩენისას, ამ შეზღუდვების დაწესება არასწორი იქნებოდა.
“დრო რომ უკან დაბრუნდეს, იგივეს გავაკეთებდი. ჩვენ ჩინეთისგან სრულიად განსხვავებული სისტემა გვაქვს. ჩვენთვის კონსტიტუციური თავისუფლების შეზღუდვა კრიტიკული გადაწყვეტილება იყო და ის ძალიან ფრთხილად უნდა მიგვეღო. ჩვენ მკაცრი კარანტინი და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა თავიდანვე რომ დაგვეწესებინა, როცა პირველი კლასტერები გაჩნდა, ხალხი გიჟად ჩამთვლიდა”, – აღნიშნა კონტემ.
შეგახსნებთ, “კოვიდ19”-ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობით იტალიას ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უკავია. ქვეყანა მკაცრი ზომების შემოღების დაგვიანების გამო არაერთხელ გააკრიტიკეს, მათ შორის რამდენიმე კვირის წინ, ჩინეთის წითელი ჯვრის ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ქვეყანაში შეზღუდვები რეალურად არ მოქმედებდა.
იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 542 ადამიანი გარდაიცვალა და მთლიანობაში გარდაცვლილთა რიცხვი 17 669-მდე გაიზარდა.