წინ ევროპისკენ – საზღვრები გახსნილია
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ისევე როგორც ქუთაისიდან, გამთენიისას პირველი „უვიზო“ რეისები შესრულდა.
უვიზო მიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით, თბილისის აეროპორტი საზეიმოდ იყო მორთული.
საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ყვავილები თეთრსა და ლურჯ ფერებში და სიმბოლური ლურჯი ბუშტები იყო აეროპორტის დეკორაციის მთავარი ნაწილი, თუმცა საზეიმო განწყობას, უფრო მეტად ხალხი ქმნიდა, რომელიც ევროპის მიმართულებით უვიზოდ, პირველივე დღესვე მიემგზავრებოდნენ და ამ ისტორიული დღის მონაწილე გახდნენ.
რეისები არც ისე ბევრი იყო – გამთენიისას, ევროპის მიმართულებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, სულ ორი ფრენა განხორიცელდა.
ვიზალიბერალიზაციის პირველი მერცხლები
ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმავალ მგზავრთა პირველ ნაკადს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეუერთდა. გიორგი კვირიკაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, იმ საქართველოს მოქალაქეებს შორის,რომლებიც დღეს ევროკავშირისკენ უვიზოდ გაემგზავრნენ.
კვირიკაშვილი ათენში გამთენიისას, ბიომეტრიული პასპორტით და სპეც-რეისით გაფრინდა.
მან რეგისტრაცია გაიარა და უვიზოდ გაუდგა ევროპის გზას.
როგორც კვირიკაშვილმა ჩვენთან განაცხადა, 28 მარტი საქართველოსთვის ისტორიული დღეა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საშუალებას მისცემს უკეთ გაიცნონ ევროკავშირი და შეიცნონ ის ღირებულებები რაზეც ევროპა დგას.
ევროპის კულტურულ დედაქალაქში ათენში, პრემიერი დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს გამართავს უნივესიტეტებში, ასევე შედგება პოლიტიკური დონის შეხვედრები.
დღის მეორე ნახევარში, პრემიერი დღევანდელი სპეც რეისის მგზავრებთან ერთად ბრიუსელში – ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში გაემგზავრება. სადაც ისინი საქართველოსთვის ვიზა ლიბერზლიზაციის მინიჭებას იზეიმებენ.
“ეს არის ძალიან ინტენსიური შრომის შედეგი, არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ, ეს შესაძლებელი გახდა მოქალაქეების უდიდესი ჩართულობის შედეგად”, – განაცხადა პრემიერმა და ეს ისტორიული დღე ყველას მიულოცა.
კვირიკაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან – ევროკავშირისკენ საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაციით გაფრინდა. მათ შორის იყვნენ განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, სტუდენტები, მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ვიქტორ დოლიძემაც. მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო ევროპის ნაწილია.
„მეამაყება, რომ ვარ ამ ყველაფრის ერთ–ერთი თანამონაწილე. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯია წინ. ჩვენ ყველანაირი ზედმეტი რეგულაციის გარეშე ვიწყებთ ევროკავშირის ზონაში გადაადგილებას. ჩვენ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი უნდა გადავდგათ წინ რომ სრულფასოვნად დავმკვიდრდეთ ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
პირველი მგზავრები აეროპორტში
ჩვენ აეროპორტში სხვა მგზავრებსაც გავესაუბრეთ, რომლებმაც “ფორტუნასთან” განაცხადეს, რომ უვიზო მიმოსვლა მათ საქმიან თუ სამოგზაურო ვიზიტებს ევროკავშირის ფარგლებში უფრო გაამარტივებს.
ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ სასაზღვრო კონტროლი არ იქნება ზედმეტად მკაცრი და ქართველ მგზავრებს უმიზეზოდ, პრობლემები არ შეექმნებათ.
გიორგი ლაბაძე სტუდენტია, რომელიც გამთენიისას პარიზში გაფრინდა (არაპირდაპირი რეისით). ის გაეროს მოდელირების კონფერენციაზე დასასწრებად წავიდა და 28 მარტი არა უვიზო მიმოსვლის, არამედ კონფერენციის თარიღის გამო აარჩია.
ის იმ მგზავრებს შორის მოხვდა, რომლებსაც ვიზა აღებული აქვთ, თუმცა უკვე აღარ გამოადგებათ.
„წინასწარ მქონდა ინფორმაცია, რომ უვიზო რეჟიმი ამ დროისთვის ამოქმედდებოდა, თუმცა თავი დავიზღვიე და ვიზა მაინც ავიღე. მზად ვარ უვიზო რეჟიმისთვისაც, შეძენილი მაქვს როგორც უკანა გზის ბილეთი, ასევე შიდა გადაადგილებისთვის საჭირო ბილეთები, ასევე დაჯავშნილი მაქვს სასტუმრო“, – განაცხადა გიორგი ლაბაძემ.
ლაბაძეს ისრაელთან უვიზო მიმოსვლის ცუდი გამოცდილება აქვს, თუმცა მისი ინფორმაციით, ევროპასთან სასაზღვრო კონტროლი ასეთი მკაცრი არ იქნება.
„ისრაელში ჩავდიოდი ოჯახთან და უკან გამომიშვეს. ეს საშინელი გამოცდილება იყო. როგორი კონტროლიც ისრაელშია, მაგას მართლა სავიზო რეჟიმი ჯობს, მაგრამ ევროპაში სულ სხვანაირად გაკონტროლდება“, – განაცხადა გიორგი ლაბაძემ „ფორტუნასთან“.
დელეგაციაში თსუ–ს სტუდენტებიც მოხვდნენ
„ფორტუნა“ აეროპორტში, ერთ–ერთ სტუდენტსაც ესაუბრა, რომელიც ათენში დელეგაციის შემადგენლობაში იყო.
„ხშირად ხვდებოდათ ახალგაზრდებს ევროპაში მოგზაურობისას პრობლემები. მე პირადად, პირველად მივდივარ და როგორც კი შემოგვთავაზეს ამ დელეგაციაში ყოფნა, ასეთ ისტორიულ დღეს მაშინვე დავთანხმდი. დარწმუნებული ვარ ვიზალიბერალიზაცია, ყველა მხრივ ძალიან კარგ შედეგებს დადებს“, – განაცხადა თსუ–ს სტუდენტმა „ფორტუნასთან.
ქართულმა ხმებმა ამ სიმბოლური ვიზიტისთვის გერმანული „გატეხეს“
რა არის ქართული დელეგაცია „ქართული ხმების“ გარეშე. ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავად დელეგაციას „ქართული ხმების“ სრული შემადგენლობა გაჰყვა.
როგორც დათო არჩვაძემ „ფორტუნასთან“ განაცხადა, ისინი ამ სიმბოლური ვიზიტისთვის უკვე დიდი ხანია ემზადებიან. რადგან ევროპაში „ქართულმა ხმებმა“ ევროპული ჰიმნი უნდა შეასრულოს.
„ჩვენ მეგობართან და პრემიერთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთად მივემგზავრებით ასეთი სიმბოლური ვიზიტით. ერთ დღეში 2 ქალაქი უნდა მოვიაროთ. ათენშიც საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი. შემდეგ კი ბრიუსელს ვეწვევით. ამ გასვლისთვის დიდი ხანია ვემზადებით, იმიტომ რომ ევროპის ჰიმნი სრულდება და გერმანული ენა გავტეხეთ ქართულმა ხმებმა. ევროპის ჰიმნი ხვალ ქართული სულითა და გულით გაჟღერდება“, – განაცხადა დათო არჩვაძემ „ფორტუნასთან“.
დღეს, პირველი უვიზო რეისი თბილისადან პოლონეთის მიმართულებით, 4 საათსა და 55 წუთზე შესრულდა, შემდეგ კი სწორედ პრემიერის სპეცრეისი გაემართა ათენისკენ.
საქართველოდან უვიზოდ გაემგზავრნენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც.
ფრენა 28 მარტს, 05:45 საათზე შესრულდა. ბუდაპეშტში კი მგზავრები ევროპული დროით, 07:00 საათზე ჩაფრინდნენ – თანაც ყოველგვარი შეფერხების გარეშე.
ქუთაისიდან შემდეგი ფრენა 06:00 წუთზე, საბერძნეთის მიმართულებითაც განხორციელდა.
გზა გაიხსნა, თუმცა მხოლოდ მოგზაურებისთვის და შეზღული დროით. 180 დღის განმავლობაში ევროპაში ყოფნის დრო ლიმიტირებულია. იმათ, ვინც ევროპის საზღვრებში 90 დღეზე დიდხანს გაჩერდებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოძებნის და თუ იპოვის, სოლიდურ ჯარიმასაც დააკისრებს.
თამთა უთურგაშვილი