ჯერ არ არსებობს რაიმე დამტკიცებული მედიკამენტი კორონავირუსის სამკურნალოდ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფრთხილებს წევრ ქვეყნებსა და ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომ დაუმტკიცებელი მედიკამენტი არ გამოიყენონ.
ჯანდაცვის ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობის უფროსმა ოფიცერმა, კატერინ სმოლვუდიმ განაცხადა, რომ ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) კლინიკური კვლევებიდან დროებით სიფრთხილის გამო ამოიღეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, ვიდრე არ გადამოწმდება დეტალური ინფორმაცია და მონაცემები უსაფრთხოების კონტექსტში იმ პაციენტების შემთხვევაში, ვინც ამ მედიკამენტს კორონავირუსის სამკურნალოდ იყენებდა.
აღსანიშნავია, რომ ჰიდროქსიქლოროქინი სხვა დაავადებების მკურნალობისთვის ძველებურად გამოიყენება და არ არსებობს გარემოება, რის გამოც სხვა დაავადებების მქონე პაციენტებმა ამ მედიკამენტის მიღება უნდა შეწყვიტონ, რადგან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვის ნიშნები მხოლოდ კორონავირუსის მკურნალობასთან დაკავშირებით წარმოიშვა.