განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსის „ბამბუ ბიჩ ციხისძირი“ მშენებლობა იწყება სწორედ იმ დროს, როდესაც გლობალური ტურისტული ინდუსტრია დიდი გამოწვევის წინაშე დგას და ტურიზმი დიდადაა დაზარალებული გლობალური პანდემიის გამო. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია, მიზნად ისახავს საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებას და დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის ერთ–ერთი თვალსაჩინო პროექტი იქნება , – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ციხისძირში, დეველოპერული კომპანიის „რედკოს“ ახალი პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, ეს პროექტი სიმბოლურია, რადგან იწყება მაშინ, როდესაც ბევრ ქვეყანაში სასტუმროები იხურება.
„ჩვენთვის ესაა იმის სიმბოლო, რომ მიუხედავად ყველა გამოწვევისა – პანდემიისა, გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და ა.შ., ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია არა თუ გადარჩება, არამედ იმაზე უფრო მეტად ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე იყო. ჩვენ ამ პერიოდში შევიძინეთ ახალი, უნიკალური კონკურენტული უპირატესობა. ჩვენმა ტურისტულმა ინდუსტრიამ ყველაფერს გაუძლო. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად სწორია, რომ დღეს ჩვენ ახალ სასტუმროებს უნდა ჩავუყაროთ საფუძველი“, – აღნიშნა მინისტრმა.
როგორც ნათია თურნავამ განმარტა, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა, რომელიც დაზარალებული ტურისტული სექტორის მხარდაჭერისკენაა მიმართული, საკმაოდ ეფექტურია და ამ ფონზე შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ არსებული სასტუმროების შენარჩუნება, არამედ ახალი კომპლექსების მშენებლობის დაწყებაც. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება საწინდარი კიდევ უფრო ძლიერი ტურისტული სექტორისა საქართველოში. ამ კრიზისიდან ჩვენ უფრო ძლიერები გამოვდივართ, ვიდრე ვიყავით,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.