LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულშემატკივრების მოსვლა დამატებითი რისკია: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები – ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან

726
Fortuna-ახალი ამბები

კორონავირუსთან თანაცხოვრების პირობებში ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღის გადაწევა საჭირო არ გახდა, თუმცა ცნობილი გახდა ის მექანიზმები და წესები, რაც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება

უსაფრთხოების მიზნით შემუშავებული წესები პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოში შემავალი სამინისტროების კოორდინირებული მუშაობით შედგა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.

„კოვიდ 19“-ის გამო შეცვლილ რეალობასთან შეგუება კი 55 000-ზე მეტ აბიტურიენტს მოუწევს.

რა პროტოკოლის დაცვით ჩააბარებს გამოცდებს ათასობით აბიტურიენტი და რა შემთხვევაში მოიხსნება გამოცდიდან – ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე „ფორტუნას“ ეთერში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ ისაუბრა.

 

რა სახის რეგულაციები და პირობებია წელს დაწესებული საგამოცდო ცენტრებში და რა პროცედურები უნდა გაიარონ აბიტურიენტმა, რომ გამოცდებზე დაუშვან?

პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანია დისტანცირება. ჩვენ სამუშაო ფართის მხოლოდ 50%-ის გამოყენება შეგვიძლია. შესაბამისად, ამ რეკომენდაციის დასაკმაყოფილებლად თითოეულ სექტორში მხოლოდ ათ აბიტურიენტს განვათავსებთ.
ასევე, მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება დაახლოებით, 3.5 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის კი ერთ მეტრზე მეტი.
რეკომენდაციების თანახმად, აბიტურიენტებსა და სხვა გამოსაცდელებს აუცილებლად ეკეთებათ პირბადე და კიდევ ერთი დამცავი მექანიზმია, რომ ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით.

როგორც აღნიშნეთ, საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში წელს 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება. წინა წლებში ჩვენ არაერთხელ გვინახავს გარეთ მომლოდინე გულშემატკივართა დიდი რაოდენობა. ამ შემთხვევაში, რამდენად რეალურია მათი გაკონტროლება?

გულშემატკივრებს ვთხოვთ, მაქსიმალურად შეიკაონ თავი თავყრილობისგან. ისედაც ბევრი აბიტურიენტი იქნება და მათი მოსვლა დამატებითი რისკია. ამიტომ, რამდენადაც შესაძლებელია გავითვალისწინოთ ეს თხოვნა.
აბიტურიენტები ზრდასრულები არიან და ისინი როგორმე მოახერხებენ გამოცდაზე დამოუკიდებლად მოსვლას.
იმედია, ამ თხოვნას გაითვალისწინებენ და გარეთ დიდი თავყრილობა არ იქნება. ჩვენ ამ საკითხის დარეგულირებაში დაგვეხმარება ის პერსონალი, რომელიც საგამოცდო ცენტრებთან იქნებიან მობილიზებული.

 

 

გასაგებია. დავუბრუნდეთ უშუალოდ აბიტურიენტებს. რა მოხდება თუკი ისინი ვერ ან არ შეასრულებენ დაწესებულ მითითებებს. გახდება თუ არა ეს გამოცდიდან მოხსნის საფუძველი?

დიახ, რა თქმა უნდა. ასე იყო წინა ჯერზე, თუმცა მაშინ განსხვავებული მიზეზების გამო იხსნებოდა აბიტიურიენტი გამოცდიდან.
ამ შემთხვევაშიც, თუკი აბიტურიენტი მოიხსნის პირბადეს ან უარს იტყვის ხელების დამუშავებაზე, პირველ ჯერზე ჩვენ მათ შენიშვნას მივცემთ, ხოლო თუკი კვლავ არ დაგვემორჩილება, სამწუხაროდ, იძულებული ვიქნებით მოვხსნათ გამოცდიდან, თუმცა, იმედია, ასეთი შემთხვევები არ გვექნება.

მე-12 კლასელებმა წელს პანდემიის გამო სკოლა ონლაინ გაკვეთილების მეშვეობით დაასრულეს. იმის გამო, რომ ვერ შედგა სრულფასოვანი სწავლა, ხომ არ არის გამარტივებული საგამოცდო საკითხები?

საგამოცდო საკითხები იგივე რჩება. ყოველწლიურად ვცდილობთ ტესტები იყოს აგებული მაღალსააზროვნო უნარების შემოწმებაზე, ამიტომ ვფიქრობ, ამ კუთხით რაიმეს ცვლილება ლოგიკას მოკლებული იქნებოდა.

რაც შეეხება რეგიონებს, იგივე სახის რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარდება თუ არა ეროვნული გამოცდები, მაგალითად,  ბოლნისში, მარნეულსა და თეთრიწყაროში, თუ უფრო გამკაცრებული იქნება?

ჩვენთვის მოწოდებული წესები ერთიანია ყველა საგამოცდო ცენტრისთვის. თუ ამასობაში  სიტუაცია შეიცვლება, შესაბამისად მივიღებთ განსხვავებულ რეკომენდაციას.
ყოველთვის ვაცხადებით, რომ ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული დეტალები დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. შესაბამისად, თუ რაიმე შეიცვლება, ამას გაიგებთ.
ამ ეტაპზე, ყველა ცენტრისთვის ერთნაირი რეკომენდაციებია გაწერილი.

რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორებზე მყოფ აბიტურიენტებს. ამ ეტაპზე ენგურის ხიდი დაკეტილია. თუ გაქვთ ინფორმაცია როგორ მოხდება მათი გადმოსვლა დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე?

კანონმდებლობის მიხედვით, ასეთი აბიტურიენტებისთვის ჩარიცხვის განსხვავებული წესი მოქმდებს. შესაბამისად, ისინი ამ წესის მიხედვით ჩაირიცხებიან.

იხილეთ ვრცლად:

ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ აბიტურიენტებს სახელმწიფომ მათზე მორგებული სისტემა შესთავაზა

 

magti 5g