“ახალი ინფიცირებულებიდან ჩვენს კლინიკაში 2 პაციენტია მოთავსებული” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირების ყველა ახალი შემთხვევა შემოტანილია.
“9 ახალი შემთხვევიდან 2 არის დაავადებულთან კონტაქტი, 6 საკარანტინო სივრციდანაა, ყველა შემოტანილი შემთხვევაა და 6-დან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, მხოლოდ 1 შემთხვევაა, რომლის წყაროს მოძიება გრძელდება”, – აცხადებს მარინა ეზუგბაია.
მარინა ეზუგბაიამ ინფექცურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კლინიკაში მხოლოდ 1 მძიმე პაციენტი მკურნალობს. კლინიკაში შეყვანილი 2 ახალი ინფიცირებულის მდგომარეობა კი საშუალო სიმიმძიმისაა.
“7-ვე გამოჯანმრთელებული ჩვენი ცენტრისაა, ყველამ დატოვა გუშინ ჩვენი ცენტრი. დღეს გვყავს 28 პაციენტი და 2 ახალი შემთხვევა მკურნალობს ჩვენთან, 2-ვეს მდგომარეობა რუტინული კვლევებით და არსებული მონაცემებით, ჯერჯერობით, საშუალო სიმძიმისაა. ჩვენ 1 მძიმე პაციენტი გვყავს, რომლის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, მაგრამ მძიმე პნევმონია გვრჩება, ამიტომ როგორც მძიმე პაციენტს, ისე განვიხილავთ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.