გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ახლობელი აცხადებს, რომ მანქანა ტყეში წინა ღამეს არის მიყვანილი.
ახლობელი ვარაუდობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილს ადგილის ლოკაცია ვიღაცამ ჩაუგდო. ადგილობრივებიც ყვებიან, რომ გოგონა ადგილზე მისასვლელ კონკრეტულ გზას ეძებდა.
“ეს მანქანა ადგილზე წინა ღამეს არის მიყვანილი. ალბათ პროტესტი რომ იყო, იმ დღეს მიიყვანეს. როდესაც ვაპირებდით თამარის საძებნად წასვლას, სიურპრიზად დაგვახვედრეს. მობილური ტელეფონი გვერდით სავარძელზე იდო, თვითონ კი უკანა სავარძელზე იყო.
ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ თამარი იქ კონკრეტულ ადგილს ეძებდა, მისკენ მისასვლელ გზას. ლოკაცია ან წინასწარ მისწერეს, ან ჩაუგდეს ტელეფონზე”, – აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ლიანა ვერაშვილი.
ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გოგონას გარდაცვალების ამბავთან დაკავშირებით, არც ერთ ვერსიას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ არის საქმეში ისეთი რაღაც, რაც ყველაფრის არსებობას უშვებს.
შეგახსენებთ, ხუთდღიანი ძებნის შემდეგ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის მოთხოვნით საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩართეს.