ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კერძო ბიზნეს სექტორში, კორონავირუსული ეპიდემიის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვებისა და წესების დარღვევის, საშუალოდ, 20-მდე შემთხვევა ფიქსირდება.
ეკატერინე ტიკარაძემ ხალმხრავალი ბიზნეს სექტორების: კაფეების, რესტორნებისა და სასტუმროების მხრიდან წესების დაცვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამავდროულად, მოსახლოებასაც მოუწოდა რეკომენდაციების დაცვისკენ.
“როგორც ჯანდაცვის პირველი პირი, თავს ვალდებულად ვთვლი, მოსახლეობას კვლავ მოვუწოდო თუ რამდენად მნიშნველოვანია სოციალური დისტანციის დაცვა, ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ, ნიღბის ტარება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ ბიზნეს სექტორის ჩართულობა, სადაც ჩვენი მოსახლეობის ნაკადების დენადობა ყველზე მაღალია: კაფეები, რესტორნები, სასტუმროები.
მათ მოვუწოდებ, რომ უფრო აქტიურად ითანამშრომლონ შრომის ინსპექციასთან, გაატარონ ყველა ის ღონისძიება, რომელიც გაწერილია გაიდლაინებში, ვინაიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და ასევე, ჩვენს მოსახლეობას მოვუწოდებ, როდესაც ისინი ისვენებენ მთის თუ ზღვის კურორტებზე ყურადღება მიაქციონ და დაიცვან ყველა საჭირო ღონისძიება კოვიდ ინფექციისგან დასაცავად. შრომის ინსპექცია თანამშრომლობს კერძო სექტორებთან. მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ რეგიონის დონეზე რამდენჯერმე მივიდნენ სექტორში, გადაამოწმონ და გააცნონ რეკომენდაციები,”- განაცხადა მინისტრმა.
ეკატერინე ტიკარაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რთულ პერიოდში დაზარალებული სექტორის პარტნიორი იყოს და აღკვეთისა და დაჯარიმების ღონისძიებები გატარება არ მოუწიოს.