თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითია.
სამივე პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება.
„გუშინდელთან შედარებით დადებითი დინამიკა აღინიშნება. ორ მათგანთან წნევა სტაბილური გახდა, შოკის კლინიკა მოიხსნა.
კლინიკურ ლაბორატორიული მდგომარეობით და ასევე, ობიექტური მონაცემებით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითია. ამ ეტაპზე მოხსნილია მწვავე რესპირატორული დისტრესის სინდრომის დიაგნოზი. ორ მათგანთან მოხსნილია ტრავმულ-გემორაგიული შოკის დიაგნოზი. ნევროლოგიური სტატუსი გაუმჯობესებულია. იმედია, ასეთი დადებითი კლინიკით გაგრძელდება მათი გამოჯანმრთელება“, – განაცხადა რატიანმა.
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის კლდოვანი ფერდობიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.