LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყენებს რუსეთი საქართველოს სამღვდელოებას და ე.წ. ინტელიგენციას გავლენების გასაძლიერებლად

222
FORTUNA.GE (33)

გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების თარიღი ოფიციალურად ცნობილია, საარჩევნო კამპანიაც ოფიციალურად გახსნილია – ზუსტად ორ თვეში გვექნება პასუხი კითხვებზე – როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ მომდევნო ოთხი წელი, ვინ იქნება ან იქნებიან ქვეყნის სათავეში და სად გავიღვიძებთ 1 ნოემბერს. მანამდე კი, როგორც პოლიტოლოგები გვეუბნებიან, მძიმე წინასაარჩევნო პერიოდი გველის.

ერთ-ერთი ყველაზე საშიში, რაც შეიძლება ქვეყნის მომავლისთვის იყოს – ეს რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევა და გავლენების გაძლიერებაა, რაც უკვე ღიად გამოიკვეთა და ფაქტობრივად, ყველაფერი ზედაპირზეა. საქმე ეხება “პატრიოტთა ალიანსის” შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “დოსიეს” მიერ გამოქვეყნებულ მასალას, სადაც ჩანს, რა მითითებს იღებს პარტია პირდაპირ კრემლიდან. ბედის ირონიაა თუ სატირა ის ფაქტი, რომ ამ პარტიას “პატრიოტთა ალიანსი” ჰქვია, არ ვიცით, მაგრამ ერთი რამ ცხადია – როგორც “დოსიეს” ინფორმაციაში წერია, ინაშვილის გუნდი კრემლიდან 8 მილიონიან დაფინანსებას იღებს, თუმცა აქ მხოლოდ ოკუპანტი ქვეყნიდან მიღებულ ფულზე კი არ ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია შინაარსი, თუ რა მითითებს იღებს პარტია რუსეთიდან. 

სხვა “რჩევა-დარიგეგებთან” ერთად, დოკუმენტში გაწერილია, რომ აგვისტოს ომის წლისთავზე მოსკოვიდან “პატრიოტთა ალიანსს” აქციის გამართვა სთხოვეს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა მათ კურატორებს მისწერეს, რომ ირმასა და დავითის მონაწილეობით გადაცემები 6, 7, 9 და 10 აგვისტოს გავიდა ეთერში. 8 აგვისტოს კი მხოლოდ კლიპები გაუშვეს. “პატრიოტთა ალიანსში” ომის წლისთავზე მიტინგის მოწყობაზე უარი თქვეს, რადგან მათივე თქმით, ამას მათ ხალხი ვერ აპატიებდა და ამის მოთხოვნა თბილისში არსებული სიტუაციის სრული ვერგაგებაა.

ცენტრი აქვეყნებს აგიტატორებისა და პარტიის მხარდამჭერებისთვის განკუთვნილს გეგმას, რომელშიც საუბარია იმაზე, რა აქცენტები უნდა ჰქონდეს მათ გამოსვლებს და როგორ უნდა იმუშავონ მასასთან. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ჩვენ დავინტერესდით, არის თუ არა ეს ღია და პირდაპირი ჩარევა რუსეთის მხრიდან არჩევნებში, როგორ იქცევა ამ დროს მმართველი გუნდი და რატომ არ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსების საკითხზე – პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე გვეუბნება, რომ რუსული გავლენა ქართულ პოლიტიკაში დიდი ხანია იკვეთება. 

“სანამ პოლიტიკურ ნაწილზე გადავალთ, გეტყვით, რა ხდება ეკონომიკაში. საქართველო სულ უფროდაუფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე. ბოლო მონაცემებით, ოკუპანტი ქვეყანა ჩვენი რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორია თურქეთის შემდეგ. ეს უკვე ნიშნავს, რომ რუსეთის გავლენა იზრდება. პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, ცხადია, რუსეთი დაინტერესებულია, გააძლიეროს “პატრიოტთა ალიანსი”. ეს არის პარტია, რომელსაც დაახლოებით 100 ათასი მხარდამჭერი ჰყავს, 2016 წელს 88 ათასი ამომრჩეველი ჰყავდა. ის სჭირდება “ქართულ ოცნებასაც”, რადგან შეიძლება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “ოცნებამ” კოალიცია შექმნას და მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებლად მათი მხარდაჭერა გამოიყენოს. ხომ გვახსოვს, 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს მათ რუსეთისთვის სასურველი კანდიდატის – სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს ხალხს”, – ამბობს ექსპერტი ნიკა ჩიტაძე.

პოლიტოლოგმა ისიც გვითხრა, რომ პარალელურად, რუსულმა მედიასაშუალებებმა უკვე დაიწყეს ჭორების გავრცელება, თითქოს 2021 წლის შემდეგ, როცა ყარსის ხელშეკრულებას ვადა გაუვა, თურქეთი აჭარასთან დაკავშირებით პრეტენზიებს წამოაყენებს. 

“ამ ყველაფრის პარალელურად, რუსეთი სამღვდელოების გამოყენებასაც შეეცდება. გვახსოვს ალბათ, 2017 წელს, NDI-ის კვლევებით დადგინდა, რომ მოსახლეობის 32% ეკლესიის მსახურის რჩევით მისცემს ხმას არჩევნებზე.

ანუ ეკლესია პირდაპირ რუსეთზე კი არ ილაპარაკებს, აქცენტს გააკეთებენ მართლმადიდებლობაზე, ერთმორწმუნეობაზე. ასევე გააქტიურდება ე.წ. ქართული ინტელიგენცია, რომელიც ასევე იტყვის, რომ რუსეთთან გვჭირდება მჭიდრო ურთიერთობები”. 

პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ ისიც გვითხრა, რომ “ქართულ ოცნებას” “პატრიოტთა ალიანსის” არსებობა მხოლოდ სამომავლო მხარდაჭერის გამო კი არ აწყობს, არამედ როგორც ექსპერტი ამბობს, სწორედ “პატრიოტების” ფონზე ჩანს “ოცნება” პროევროპული ძალა.

ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ ეს ორი პარტია სინამდვილეში ერთია და ამაზე მათი თქმით, თუნდაც ის მიუთითებს, რომ მმართველ გუნდს “დოსიეს” მასალზე, რეაგირება არ აქვს.

როგორც “ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი ამბობს, პროკურატურამ რომ გამოძიება არ დაიწყო, მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: “ისინი არიან ერთ სულ და ერთ ხორც. ერთია, რომ მტერი სახელმწიფოს ფულით ფინანსდება და მეორეა შინაარსობრივი მხარე. რასაც ეუბნებიან, ფაქტია, იმას ამბობს “პატრიოტთა ალიანასი” და იმას აკეთებს, ამას ყველა ხედავს”, – ამბობს გიორგი კანდელაკი. 

შეგახსენებთ, “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსების საკითხზე პროკურატურამ გამოძიებაზე უარი თქვა და განმარტა, რომ საკითხის მოკვლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უკვე დაიწყო.

 

magti 5g