LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიული პანორამის დამახინჯებისთვის კორპუსებს ანგრევენ

667

სტამბოლში, აია სოფიას ისტორიული პანორამის დარღვევისთვის მაღალსართულიან კორპუსებს დაანგრევენ. გადაწყვეტილება თურქეთის უმაღლესმა სასამართლომ მიიღო, რომლის განაჩენიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ყველა იმ ცათამბჯენის დემონტაჟი მოხდება, რომელიც ქალაქის ისტორიულ ხედებს ამახინჯებენ. სტამბოლში 27, 32 და 37 სართულიანი ცათამბჯენების მშენებლობას მოსახლეობა აპროტესტებდა, მით უმეტეს შენობები ქალაქის ცენტრალურ უბანთან ახლოს აშენდა. პროტესტის მიუხედავად მშენებლობა უკვე დასრულებულია და ბინები გაყიდული. მოსახლეობასთან ერთად მრავალსართულიანი კორპუსების აგებას ისტორიკოსებიც აპროტესტებდნენ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ შენობები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეყვანილ პანორამას დაამახინჯებდნენ. ისტორიკოსების მოსაზრებას საბოლოოდ ადგილობრივი მთავრობა და სასამართლოც დაეთანხმა.

 

თბილისის დამახინჯებული პანორამები

ერთპიროვნული გადაწყვეტილებები – ასე აფასებს თბილისის გენგეგმის თანაავტორი თბილისის ხედების დარღვევის ფაქტებს.

„თბილისი რელიეფური ქალაქია და ხედების საკითხი უმნიშვნელოვანესია. მშენებლობების დაწყებამდე საკითხის განხილვა უნდა ხდებოდეს არიქტექტორებთან, საზოგადოებასთან, ისტორიკოსებთან ერთად და არა ერთპიროვნულად. შენობა არა მარტო ვიზუალური თვალსაზრისით, ორგანულად, ფუნქციონალურადაც უნდა ერგებოდეს ტერიტორიას. მაგალითისთვის, „ეშმაკის ბორბალის“ ფუნქცია სიმაღლეზე ასვლა და ხედების დათვალიერებაა, მთაწმინდაზე, რომელიც ისედაც მაღალი წერტილია და მთელი ქალაქის ხედი იშლება, იქ ამ ატრაქციონის აშენება აზრს კარგავს“-ამბობს „ფორტუნასთან“, – არქიტექტორი დემურ სვანიძე.

ისტორიული ხედების დაცვის მიზნით გენგეგმაში რამდენიმე სივრცე(ხედი)ა აღნიშნული, რომლის დახშობა მშენებლობებით არ უნდა მოხდეს, მათ შორის არის მამა დავითის მთა და მახათას მთა.


ქალაქის ცენტრში მაღალსართულიანი სასტუმროს მშენებლობას, მთაწმინდის ანძის გვერდით ეშმაკის ბორბალს, რიყეზე მშენებლობებს – საზოგადოება სხვადასხვა დროს აქტიურად აპროტესტებდა. ორგანიზაცია „თბილისის ჰამქარის“ ხელმძღვანელი ცირა ელისაშვილი ქალაქის ისტორიული ხედების დარღვევის არაერთ ფაქტს იხსენებს. მათ შორისაა მირზაშაფის ქუჩა, მეტეხის პანორამა, მთაწმინდა, ავლაბრის აღმართი…

თბილისის ისტორიული ხედების დარღვევა რამდენიმე წელია ინტენსიურად მიმდინარეობს, მთაწმინდის ქედის ლანდშაფტი მშენებლობებით მთლიანად დაიფარა, ქალაქის ხედში მასშტაბური ჩარევაა პანორამა თბილისის მშენებლობაც. პრობლემურია რიყეზე არსებული მშენებლობებიც, შეიცვალა და განაშენიანდა ქალაქის სავიზიტო ბარათი, მეტეხის პლატოც“, – უყვება „ფორტუნას“ ცირა ელისაშვილი.

ავლაბრის ასასვლელისთვის შეუსაბამოდ მიიჩნევენ რიყეზე საგამოფენო დარბაზებსაც. სპეციალისტების მოსაზრებით, მინის შენობები ქალაქის ისტორიულ ნაწილში ლანდშაფტისა და ძველი ქალაქისათვის შეუფერებელი მასალისა და კონსტრუქციისაა. საგამოფენო ცენტრის ესთეტიკური ღირებულება სხვა ტერიტორიაზე შეიძლება მაღალი ყოფილიყო, თუმცა არა ქალაქის ისტორიულ უბანში. მინის ნაგებობები მთლიანად ფარავს ავლაბრის აღმართს და ფუნქციურად დატვირთვის შემთხვევაში პრობლემური გახდება.


რაც შეეხება ყოფილი „იმელის“ შენობის უკან, 37-სართულიანი სასტუმროს აშენებას, „თბილისის ჰამქარში“ ამბობენ, რომ ცათამბჯენი მთლიანად ამოვარდნილია ერთიანი იერსახიდან. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ასეთი სიმაღლის სასტუმროს აშენება კი ქმნის იმის პრეცედენტს, რომ მომავალში სხვა შენობებიც ამ სიმაღლეს გაუსწორონ.


ისტორიული ხედების დამახინჯებისთვის უკვე წამოჭიმული შენობების დანგრევას არქიტექტორები ქართულ რეალობაში შეუძლებლად მიიჩნევენ და უფრო ქმედითი კანონმდებლობის შექმნაზე აკეთებენ აქცენტს.


თამუნა გოგუაძე

 

mazda magti 5g