LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო უწყება რუსეთისთვის დახმარების თხოვნას ადასტურებს

80

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ბორჯომში გაჩენილი ხანძრის დროს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის სატელეფონი საუბარი შედგა.

ამასთან დაკავშირებით  საგარეო საქმეთა სამინისტრო განცზადება ავრცელებს.

„ბორჯომის ხეობაში ხანძრის სტიქიის მასშტაბები და შექმნილი უაღრესად კრიტიკული ვითარება მოითხოვდა ოპერატიულ და ეფექტურ ქმედებებს, ასევე, შესაბამისი ტექნიკის მოძიებას. გამომდინარე აქედან, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებში დახმარებისთვის მიემართა სხვა სახელმწიფოებისათვის. მიმართვა მოხდა როგორც გაერო-ს, ევროკავშირის, ნატო-ს, ასევე სხვა პარტნიორი ქვეყნებისადმი.

“ასევე, მოხდა მოძიება ყველა საჭირო ტექნიკის, რომლის გამოყენებაც არსებულ მოცემულობაში შესაძლებელს გახდიდა ეფექტურ რეაგირებას. მათ შორის იყო ტექნიკა, რომელსაც ფლობს რუსეთის ფედერაცია. შესაბამისად შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის, რომლის დროსაც რუსეთის მხრიდან გამოიხატა მზაობა დახმარების ისეთი ტექნიკით, რომელიც გართულების შემთხვევაში, შესაძლებელს გახდიდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების ეფექტურ წარმოებას.

“ამის შემდგომ შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთის მხარეს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა, რაც არის შესაბამისი ფორმალობის და პროცედურის ნაწილი. თუმცა, მოგვიანებით რუსეთის ფედერაციის მხრიდან დახმარების აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგა.
საგანგებო ვითარების დროს, სამაშველო სამსახურების ურთიერთობა მიღებული პრაქტიკაა. იგივე განცხადება გაკეთდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მიერ და შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მიერ,” –  ნათქვამია განცხადებაში.

პოპულალურები