ბოლო პერიოდში, მუსიკალურ ინდუსტრიაში საინტერესო ტენდენცია ფიქსირდება. ლეგენდარული მუსიკალური ბენდები კვლავ აქტიურდებიან და გულშემატკივრებს ახალ პროდუქტს სთავაზობენ. აი მაგალითად, გასულ კვირას, ლეგენდარულმა ამერიკულმა როკ-ჯგუფმა, Foo Fighters ახალი ალბომის თიზერი გაავრცელა, ავსტრალიურმა როკ-ჯგუფმა AC/DC კი ახალი კომპოზიცია Shot In The Dark გამოუშვა.
სულ ცოტა ხნის წინ კი ყველასთვის მოულოდნელად, 15 წლის შემდეგ მძიმე მეტალის შემსრულებელი ჯგუფი System of a Down მუსიკალურ ინდუსტრიაში დაბრუნდა. ბენდმა ორი ახალი კომპოზიცია Protect the Land და Genocidal Humanoidz გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ კოლექტივმა ნამუშევრები სომხეთ-აზერბაიჯანის მიმდინარე კონფლიქტს მიუძღვნა.
„ჩვენ ერთადერთი როკ-ჯგუფი ვართ, რომელსაც მთავრობები ემტერებიან და რომელიც ომშია. ამიტომაც დავწერეთ ეს სიმღერები და გვსურს, ჩვენი ჯარისკაცებისა და მთელ მსოფლიოში მყოფი სომხების სულისკვეთება ავამაღლოთ“ – განაცხადა ჯგუფის ვოკალისტმა და გიტარისტმა დარონ მალაქიანმა.