„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“-ის ფარგლებში თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების წიგნებით შევსება დაიწყო
„თბილისი – მსოფლიო წიგნის დედაქალაქი 2021“-ის ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პირველი ეტაპი დაიწყო.
პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს თბილისის 62 საჯარო სკოლას. თითოეულ სკოლას 900 ლარის ღირებულების ვაუჩერი გადაეცემა, რომლითაც 30-ზე მეტი გამომცემლობისა და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაციის წიგნებს შეიძენენ.
პროექტის მიზანია თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების უახლესი გამოცემებით შევსება, სკოლის მოსწავლეების თანამედროვე ლიტერატურულ პროცესთან დაახლოება და წიგნიერების ხარისხის გაზრდა.
ვაუჩერიზაციის პროექტი 2021 წელსაც გაგრძელდება და წლის ბოლომდე, თბილისის ყველა საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი განახლდება.
UNESCO-ს გადაწყვეტილებით, თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს 2021 წლის 23 აპრილს, კუალა ლუმპურისგან გადმოიბარებს. პროექტის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში, დაგეგმილია 100-ზე მეტი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ინფრასტრუქტურული, მასობრივი და საბავშვო პროექტის განხორციელება.
UNESCO World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2002 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა.
პროექტი თბილისის მერიის, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება.
