2020 წლის 16 დეკემბერს გარდაიცვალა სახელვანი მუსიკოსი, ვირტუოზი პიანისტი, კონსერვატორიის ემერიტუსი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ბატონი რევაზ თავაძე.
ბატონმა რეზომ მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომლის სრული კურსი (1960) და ასპირანტურა (1962) დაამთავრა პროფ. ვანდა შიუკაშვილის ხელმძღვანელობით. სხვადასხვა წელს იყო სპეციალური ფორტეპიანოს კათედრის გამგე, კათედრის გამგის მოადგილე. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ და საკონცერტო მოღვაწეობას, როგორც სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ის გამოდიოდა კონცერტებზე როგორც სოლო პროგრამებით, ისე ორკესტრთან. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს კამერულ ორკესტრთან. 1996-2003 წწ. განმავლობაში მას ჰქონდა წარმატებული სოლო კონცერტები გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში, რომლებმაც პრესის ფართო გამოხმაურება ჰპოვეს.
მის მრავალფეროვან რეპერტუარში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს, რომელთაგან ბევრი პირველად სწორედ მისი შესრულებით აჟღერდა.
თბილისის კონსერვატორიაში რ. თავაძე პედაგოგიურ მოღვაწეობას 1962 წლიდან ეწეოდა; მას შემდეგ მან ბევრი ნიჭიერი პიანისტი აღზარდა, რომელიც დღეს აქტიურ პროფესიულ საქმიანობას მისდევს. გარდა ამისა, კონსერვატორიაში ის კითხულობდა პიანიზმის ისტორიის კურსს; მისი საჯარო ლექციები და გამოსვლები ამ სფეროში განსაკუთრებული აღიარებით და პოპულარობით სარგებლობდნენ. 1981 წელს დაიბეჭდა რევაზ თავაძის მონოგრაფია ”სანოტო ტექსტის გარჩევა-წაკითხვის შესახებ”. რევაზ თავაძე მონაწილეობდა სხვადასხვა ეროვნული კონკურსის მუშაობაში.
რევაზ თავაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მუსიკალური და სრულიად ქართული საზოგადოებისთვის.
რევაზ თავაძის გასვენება დაგეგმილია შაბათს, 19 დეკემბერს 14:00 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზიდან.
