“მორიგი რაუნდის მოლოდინში ვართ. თუ მორიგი რაუნდი შედგება, ეს დაგვანახებს, რამდენად სერიოზულია მოლაპარაკებები და ზოგადად, რა პერსპექტივა აქვს.” – პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია, თუ ვისთან ჰქონდა ხელისუფლებას მოლაპარაკებები პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით:
“ვიცი, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ვისთანაც ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მათთანაც არ ყოფილა. ეს არის ირაკლი კობახიძის განცხადებები და ეჭვი მეპარება ამ განცხადებების სიმართლეში. თუ პოლიტიკური შეთანხმება შედგა, რა თქმა უნდა, სხვა პარტიის წარმომადგენლებსაც იხილავს ბატონი კობახიძე პარლამენტში.
თუ მოლაპარაკება და შეთანხმება არ შედგება, მაშინ ვერ იხილავს სხვა პარტიის წარმომადგენლებს პარლამენტში.” – თქვა ჩიხლაძემ.
“სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენელი იმედს იტოვებს, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იქნება და შედეგს გამოიღებს:
თალაკვაძე ოპოზიციას მიმართავს: ჯერ მოედანზე შემოვიდნენ და მერე გაარკვიონ ბურთი სად არის
“დიდი იმედი გვაქვს, რომ “ქართულ ოცნებაში”, კობახიძის გარდა არიან სხვა ადამიანებიც, რომლებიც პროცესებს უფრო რაციონალურად აფასებენ. ამიტომ, ჩვენ ვრჩებით მოლაპარაკების მაგიდასთან. იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებები შედგება და შედეგს გამოიღებს.
ჩვენ უკვე ვმუშაობთ პარტიის განახლებასა და გაძლიერებაზე, რადგან, როცა იქნება არჩევნები და ვადამდელი არჩევნები აუცილებლად იქნება, მას ჩვენი პარტია მომზადებული უნდა დახვდეს.” – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.
