ის, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილს სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძე შეცვლის, გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, თუმცა პარტია ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობას ჯერ არ ახმაურებს. ყრილობამდე, რომელიც შაბათს, 16 იანვარს გაიმართება, მმართველი გუნდის წევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ირაკლი კობახიძეს მხარს ერთსულოვნად დაუჭერენ.
ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილისა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ, ირაკლი კობახიძის კომპეტენციაზე საუბრობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე. მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” სწორი არჩევანი გააკეთა, რადგან ირაკლი კობახიძე ღირსეული კანდიდატია.
„მას გააჩნია სრული შესაძლებლობა, გამოცდილება, ცოდნა, კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება, რათა პარტიის ხელმძღვანელობა და ქვეყნის სასიკეთოდ ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შესძლოს. ირაკლი კობახიძის პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, გვექნება შესაძლებლობა მისი ლიდერობით ყველა იმ ამოცანის შესრულებას გავართვათ თავი, რაც ქვეყნის წინაშე დგას“, – განაცხადა სარჯველაძემ.
შეძლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილის გარეშე დარჩენილი გუნდი ეფექტურ მუშაობას თუ როგორც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ მიმართვაში აღნიშნა, განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლისთვის ნელ-ნელა ოპოზიციაში გადასვლისთვის მოემზადება – ეს ახლა ერთ-ერთი განხილვადი საკითხია.
“ფორტუნასთან” საუბარში ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ ივანიშვილის გადაწყვეტილების შეფასებისას აღნიშნა, რომ ახლა “მთავარი ის კი არაა, ვინ შეცვლის ბიძინა ივანიშვილს თავმჯდომარის პოსტზე. მთავარი ისაა, ვინც შეცვლის, მას რა გავლენა ექნება საპარლამენტო უმრავლესობაზე“.
უფრო ვრცლად იხილეთ:
გარანტია, რომ კიდევ არ მოვა, არ არსებობს: ექსპერტები ივანიშვილის მეორედ წასვლას აფასებენ