FAO-ს ფასების ინდექსმა 2020-ში, ბოლო სამი წლის მაქსიმუმს მიაღწია. გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს – დეკემბერში, ზრდას განაგრძობდა და 107.2 ქულა შეადგინა, რაც ნოემბრის თვის მაჩვენებელს 2.2%-ით აღემატება.
სრულად, 2020 წლის წლიურმა, საშუალო ქულამ 97.9 შეადგინა, რომელიც ბოლო სამი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღნიშნული ქულა, 2019 წელის საშუალო მაჩვენებელს 3.1%-ით აღემატება, თუმცა 25%-ით ჩამორჩება 2011 წლის რეკორდულ პიკს.
დეკემბერში, მცენარეულ ზეთზე ფასებმა 4.7%-ით მოიმატა და 2012 წლის სექტემბრის შემდეგ, ყველაზე მაღალ, რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, დეკემბერში გაიზარდა პალმის ზეთის ფასები, რასაც ხელი შეუწყო ინდონეზიაში საექსპორტო გადასახადის მკვეთრმა ზრდამ. სოიოს ზეთზე კი ფასების ზრდის მიზეზად, არგენტინაში გაჭიანურებული საპროტესტო აქციები იქცა, რამაც ექსპორტის პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხა. საერთო ჯამში, 2020-ში, წინა, 2019 წელთან შედარებით, მცენარეულ ზეთებზე ფასები 19.1%-ით გაზარდა.
ნოემბრის თვესთან შედარებით, 1.1%-ითაა მომატებული FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსიც. აღნიშნული მონაცემი, 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს – 6.6%-ით აღემატება. ხორბლის ფასის ზრდის მიზეზად, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე, რუსეთში მარცვლეულის მოყვანისათვის საჭირო პირობებთან დაკავშირებული პრობლემები მოიაზრება. რაც შეეხება ბრინჯს, 2020-ში, წინა წელთან შედარებით ბრინჯის ექსპორტი 8.6-ით გაიზარდა. იგივე მაჩვენებელი სიმინდზე გაზრდილია – 7.6% ხოლო ხორბალზე – 5.6%-ით.
3.2%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. ზრდა უწყვეტად გრძელდებოდა ბოლო შვიდი თვის მანძილზე. აღნიშნულის მიზეზად მსოფლიოში და განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში, რძესა და რძის პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნა სახელდებოდა. მიუხედავად ამისა, 2020-ში რძის ფასების ინდექსის საშუალო ქულა, 1.0%-ით ჩამორჩებოდა 2019 წლის მაჩვენებელს.
დეკემბერში, ხორცის ფასების ინდექსი გაიზარდა 1.7%-ით, ხოლო 2020 წელის ხორცის საშუალო მაჩვენებელი, 2019 წლის ნიშნულს 4.5%-ით ჩამორჩებოდა. წლის ბოლო თვეს, ფრინველის ხორცზე ფასები მსუბუქად გაიზარდა, ხოლო ღორის ხორცზე კი შემცირდა. შემცირება გერმანიის მხრიდან ექსპორტის ცვლილებას უკავშირდება, რასაც წინ უძღვოდა აზიაში ღორის აფრიკული ცხელების აფეთქება, რამაც ცხოველის განადგურება გამოიწვია.
FAO-ს შაქრის ფასების ინდექსმა 0.6%-ით დაიკლო დეკემბერში. 2020 წელს შაქრის ფასების საშუალო მაჩვენებელი კი 1.1%-ით მეტი იყო, 2019 წლის ამავე მონაცემზე.