აშშ-ს სენატში აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დღეს დაიწყება. ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის წესებთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე მიღწეულია. ამის შესახებ სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა. შესაბამის ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
შუმერის განცხადებით, იმპიჩმენტის პროცესის სტრუქტურა „უაღრესად სამართლიანია“, რაც მისი თქმით, სასამართლოს სიმართლესა და ანგარიშვალდებულებაში თავისი მიზნის მიღწევის შესაძლობლობას მისცემს. „სწორედ ეს არის, რისთვისაც განკუთვნილია სასამართლო პროცესი, რომ ჭეშმარიტება დაადგინოს და გამოიტანოს განაჩენ, – განაცხადა შუმერმა.
სენატის რეზოლუცია იმპიჩმენტთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს ადგენს. პირველ რიგში, საკონსტიტუციო საკითხის ოთხსაათიანი განხილვის შემდეგ კენჭისყრა გაიმართება, რომლითაც პროცედურის კონსტიტუციურობა უნდა დადგინდეს. ამის შემდეგ ორივე მხარეს პრეზენტაციისთვის 16 საათი ეძლევა. ორი საათი განკუთვნილია სენატორების კითხვებისთვის.
ტრამპის დამნაშავედ ცნობისთვის სენატორთა ორი-მესამედის ხმაა საჭირო. სენატმა ტრამპის ბრალეულობა უნდა განსაზღვროს „ამბოხის წახალისებაში“, რომლის შედეგადაც 6 იანვარს მისი მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შტურმით შეიჭრნენ, შედეგად კი ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ეს გულისხმობს, რომ სულ მცირე 17-მა რესპუბლიკელმა სენატორმა უნდა მისცეს ხმა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ.
წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პერიოდში გამოუცხადა. 13 იანვარს გამართული კენჭისყრის შედეგად, იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა 232-მა კონგრესმენმა 197-ის წინააღმდეგ. დონალდ ტრამპი გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. ტრამპისთვის სენატში იმპიჩმენტის გამოცხადების შემთხვევაში, სენატი კენჭს უყრის საკითხს, რომლის მიხედვით, აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს მომავალში სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალება.