LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჩვენი ნაცნობობა კონსერვატორიაში შედგა, ჩვენთან ამოვიდა მეხუთე სართულზე და სამუდამოდ ჩემთან დარჩა” – გოგი ჭიჭინაძე ,,არტ-Fm”-ში

71
gogichichinadze2010

გადაცემის ლაივი LIVE

9 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“, დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე სტუმრობდა, რომელმაც პირველ რიგში, ახალ და მეტად საინტერესო პროექტზე, მერე კი, საკუთარ შემოქმედებაზე და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

– ბატონო გოგი, მოგვიყევით პროექტის შესახებ, რომლის ინიციატორიც თქვენ ბრძანდებით?

– პროექტის იდეა რთული პერიოდის საპასუხოდ გაჩნდა. მთელი წელია სტუდენტები  ამოვარდნილი არიან კალაპოტიდან, რადგან ძალიან უჭირთ მეცადინეობა და ერთად დაკვრა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია მათემატიკის და სხვა საგნების ონლაინ სწავლა, მაგრამ  წარმოუდგენელია ამავე რეჟიმში მუსიკოსების მუშაობა. ძალიან შემეცოდნენ ბავშვები, რომლებიც უკვე დეპრესიის ზღვარზე იყვნენ მისული, ამიტომ სამ ახალგაზრდას, ძალიან ნიჭიერ მუსიკოსს კამერული საღამოს მოწყობა შევთავაზე. მართალია, თავიდან ძალიან გაუკვირდათ რადგან წარმოუდგენლად მოეჩვენათ პანდემიის პირობებში კონცერტის მოწყობა, მაგრამ როცა ავუხსენი, რომ გამოსვლა ერთგვარი მოსმენა იქნებოდა, მერე კი, შესაძლოა დიდ დარბაზშიც მიგვეღო მისი ჩაწერის უფლებაც, სიამოვნებით დათანხმდნენ ჩემს შეთავაზებას. სიმართლე ვთქვა, მასშტაბურს არაფერს ვგეგმავდი, უბრალოდ ბავშვების ცოტა გამოცოცხლება მინდოდა. მუშაობა დეკემბრის თვეში დავიწყეთ და ორი თვე ინტენსიურად ვიმუშავეთ. ზოგადად, კამერული მუსიკა აკადემიზმის მწვერვალია, რადგან ყველაზე რთული, ინტელექტუალური ჟანრია, თუმცა ყველაზე მეტი შედევრიც სწორედ ამ ჟანრში იქმნება. ძალიან საინტერესო საღამო მოვაწყვეთ, არაჩვეულებრივად დაუკრეს ბავშვებმა, რაც საკმაოდ სოლიდურ წინ გადადგმულ ნაბიჯად იქცა მათთვის. მიხარია, რომ ჩანაფიქრი განვახორციელე და სასურველს მივაღწიე. ბავშვები გამოცოცხლდნენ და შემდეგი საღამოსთვის დაიწყეს მზადება, რაც არც ჩვენს რექტორს, არაჩვეულებრივ ქალბატონს ნანა შარიქაძეს გამორჩა, რომელმაც საღამოების გაგრძელება და კამერული მუსიკის კონცერტების სერიად ქცევა მთხოვა სტუდენტებთან ერთად პროფესიონალი მუსიკოსების მონაწილეობით. შემდეგ კონცერტს 10 მარტს ვგეგმავთ კონსერვატორიის დიდ დარბაზში და იმედი გვაქვს მისი აუდიო- და ვიდეოჩანაწერსაც გავაკეთებთ.

– რა თქმა უნდა, დირიჟორმა ყველა ინსტრუმენტის ჟღერადობა კარგად იცის, მაგრამ რამდენად აუცილებელია თვითონ უკრავდეს სხვადასხვა ინსტრუმენტზე?

– დაკვრის უნარი სავალდებულო არაა, თუმცა დეტალურად უნდა იცოდეს ყველა ინსტრუმენტის აგებულება და შესაძლებლობა, რადგან სხვა შემთხვევაში უბრალოდ ვერ იმუშავებს ორკესტრთან.

– რამდენად რთულია ორკესტრის მართვა, როგორც ვხვდები დირიჟორი არა მხოლოდ მსმენელის, არამედ ორკესტრის წინაშეც პასუხისმგებელია?

– რა თქმა უნდა, რთულია, თუმცა მე არასდროს შემქმნია პრობლემა. ორკენსტრანტები ყველაზე სასტიკები არიან, რადგან არასდროს პატიობენ შეცდომას, არასდროს ემორჩილებიან დირიჟორს თუ მისი სისუსტე და არაპროფესიონალიზმი დაინახეს. ზოგადად, დირიჟორს განსაკუთრებულად მაღალი კულტურული დონე უნდა ჰქონდეს, რადგან 90 მუსიკოსს შორის ზოგი დოცენტი, ზოგი პროფესორია და ყველა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. დირიჟორმა კი, ყველასთან უნდა მონახოს საერთო ენა და შეძლოს მათი გაერთიანება.

– რამდენადაც ვიცი, თქვენი ჰობი ფეხბურთია. რატომ არ გახდით პროფესიონალი ფეხბურთელი?

– ბავშვობაში ძალიან კონფლიქტური ვიყავი და ყველა ჩხუბში დაუფიქრებლად ვებმეოდი. საერთოდ, ჩემში ორი „მე“ ცხოვრობდა. ერთს სპორტი და ჩხუბი იტაცებდა, მეორე კი, პიანინოზე უკრავდა და ძალიან უყვარდა მუსიკა. კარგად მახსოვს, როცა 15 წლის ასაკში კონცერტზე სკრიაბინის 35-ე ოპუსს ვუკრავდი. ზედმეტი ემოციები, გრძნობები მომაწვა და გონებადაკარგული სკამიდან გადავარდი. ეს რომ ჩემს ფეხბურთელ ძმაკაცებს ენახათ, ალბათ აღარასდროს დამაყენებდნენ კარში. მოგვიანებით მსახიობობაც მინდოდა, მაგრამ მივხვდი, რომ შესაბამისი ნიჭი არ მქონდა და გადავიფიქრე. თუმცა შეშფოთებულმა მშობლებმა მაინც აცნობეს მამიდაჩემს – დოდო ჭიჭინაძეს ჩემი სურვილების შესახებ, მან კი, ატირებულმა დამირეკა და პირდაპირ მითხრა, რომ „ვერ გადაიტანდა, თუ მე მსახიობი გავხდებოდი“. რამდენიმე ფილმში მაინც მივიღე მონაწილეობა. ოთარ შამათავამ მთავარი როლი შემომთავაზა სრულმეტრაჟიან ფილმში, ლაშა ოთხმეზურმა კი, მოკლემეტრაჟიან ფილმში გადამიღო. უამრავი შეთავაზება მქონდა რეჟისორებისგან, იმ პერიოდში გრძელ თმას ვატარებდი და წვერიც მოშვებული მქონდა, ამიტომ ან მუსიკოსის ან მღვდლის როლს, ანუ ყოველთვის ტიპაჟიდან გამომდინარე მთავაზობდნენ ფილმში მონაწილობას და არა იმიტომ, რომ განსაკუთრებული ნიჭი მქონდა. მსახიობობა არაჩვეულებრივი, თუმცა ურთულესი პროფესიაა, რომლისთვისაც უზარმაზარი ტალანტია საჭირო.

– რადგან მამიდა, ქალბატონი დოდო ჭიჭინაძე ახსენეთ, კიდევ ერთი ამბავი მინდა გაიხსენოთ და მსმენელს მართვის მოწმობის აღების ისტორია მოუთხროთ,

–  საერთოდ, არასდროს არავინ არ ჩარეულა ჩემს საქმეში. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა მამიდამ დაიჟინა გამოცდაზე ჩემთან ერთად წამოსვლა და გულშემატკივრობა. რა თქმა უნდა, აჟიოტაჟით დაგვხვდნენ, უზარმაზარი სუფრა გაიშალა, ყველაზე ბედნიერი კი, მამიდა იყო, რადგან ყველას არტისტს სიამოვნებს, როცა მის მიმართ პატივისცემას და სიყვარულს გამოხატავენ. გასაკვირი არაა, რომ გამოცდაც უპრობლემოდ ჩავაბარე და მართვის მოწმობაც ავიღე.

– ამბობენ, ძალიან კარგი მძღოლიაო?

– დაგეთანხმებით, მართალაც კარგი მძღოლი ვარ. მეტიც, ღამის ტაქსიზეც კი მინდოდა მუშაობა. ზოგადად, ძალიან მიყვარს ღამე, რადგან სიმშვიდეში ყოველთვის უკეთ გამომდის კონცენტრირება.

– ძალიან გიყვართ კითხვა. როგორც გავიგე, ბავშვობაში მეცადინეობის ნაცვლად წიგნებს კითხულობდით. მშობლების თვალის ასახვევად საკუთარი დაკრულის ჩანაწერს რთავდით, სინამდვილეში კი, წიგნებს კითხულობდით,

– ჩემს ოთახში იდგა პატარა როიალი. საგამოცდო პროგრამის მზადებისას დედა შორიდან მაკონტროლებდა, ამიტომ მთელი პროგრამა წინასწარ ჩავწერე თავისი პაუზებით, ისე თითქოს ვმეცადინეობდი და ამასობაში წიგნებს ვკითხულობდი.

– ხშირად კარგავთ მოთმინებას?

– ყოველთვის მაქსიმალისტი ვიყავი და ფეთქებადი ხასიათი მქონდა, ამიტომ წყობიდანაც ხშირად გამოვდიოდი, თუმცა ასაკის მატებასთან, გამოცდილებაც შევიძინე, საკუთარი თავის კონტროლი და მოთმინება ვისწავლე.

– როგორც ვიცი, განსაკუთრებული ჰალსტუხი გაქვთ, რომელიც მამამ გაჩუქათ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იკეთებთ,

– მამა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ქალაქისთვის იყო სიკეთისა და ვაჟკაცობის განსახიერება. ჩემი ჰალსტუხი თავის დროზე მამას ეკუთვნოდა, სულ ცოტა 60 წლისაა, ძალიან ლამაზია და საოცრად მიყვარს, ამიტომ ყოველთვის ვიკეთებ სმოკინგთან ერთად, რადგან ასე უკეთ ვგრძნობ მის სიახლოვეს.

– მამის რჩევა, რომელიც დღესაც კარგად გახსოვთ?

– ერთ დილას გავიღვიძე და მამა თავისი მძღოლის დაბადების დღეზე წასასვლელად ემზადებოდა, თან მეგობარს ესაუბრებოდა ტელეფონზე, რომელსაც როგორც ჩანს წასვლა არ უნდოდა, მამა კი, არწმუნებდა, რომ აუცილებლად უნდა წასულიყო. ვკითხე, რა საჭიროა მსგავსი იძულება მეთქი და მითხრა, „შეგიძლია უარი თქვა უფროსის, ხელმძღვანელის და ნებისმიერი ზემდგომის წვეულების სტუმრობაზე, მაგრამ უფლება არ გაქვს უარი თქვა შენი ქვემდგომის დაბადების დღეზე წასვლაზეო“. სწორედ ეს რჩევა მახსოვს მთელი ცხოვრება.

– სად შეხვდით თქვენს მეუღლეს?

– მართალია, მანონი იტალიური ენის სპეციალისტია, მაგრამ ჩვენი ნაცნობობა მაინც კონსერვატორიაში შედგა. უცნაურია, მაგრამ საკმაოდ დიდხანს მუშაობდა კონსერვატორიაში, სანამ ერთმანეთს გავიცნობდით. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ იტალიურის სპეციალისტი გვყავდა, მაგრამ პირადად არ ვიცნობდი და მხოლოდ მაშინ შევხვდი, როცა ერთ-ერთი სპექტაკლის დადგმისას იტალიურის მცოდნე დაგვჭირდა. ჩვენთან ამოვიდა მეხუთე სართულზე და სამუდამოდ ჩემთან დარჩა.

– რა თვისებებმა მოგხიბლათ თქვენს მეუღლეში?

– საოცრად მართალი ადამიანია. ყველაფერი ესმის, ყველაფერს გრძნობს და ყველას ძალიან უყვარს, მე კი, მომწონს, როცა ჩემიანები გარშემომყოფებს უყვართ, რადგან კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რამდენად კარგი ადამიანია. რაც მთავარია, აბსოლუტურად ბუნებრივია, ანუ არასდროს ცდილობს სხვისთვის თავის მოწონებას.

– რამდენად ხშირად ასრულებთ პოლონეთში ქართულ მუსიკას?

– მეოთხე წელია პოლონეთში ვარ და ყოველ სეზონზე  ან ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს ვასრულებთ, ან ქართველ არტისტებს ვიწვევთ, რადგან ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ საზღვარგარეთ ქართული კულტურის და შემსრულებლების პოპულარიზაციას.

– მარადიული ახალგაზრდობა და ბევრი ფული რომ შემოგთავაზონ, რას დათმობთ სანაცვლოდ?

– არ ვიცი, ალბათ ვერაფერს საყვარელს ვერ დავთმობ.

– როდის მიხვდით, რომ გაიზარდეთ და გარკვეული პასუხისმგებლობა გაქვთ?

– ერთ წუთში ნამდვილად არ გავზრდილვარ, პასუხისმგებლობის გრძნობაც ეტაპობრივად გაჩნდა. მართლაც ძალიან ბევრი ვისწავლე, როგორც საქმეში, ისე ადამიანებთან ურთიერთობაში. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ფასეულობები შემეცვალა, მაგრამ ის, რაც კატეგორიულად მიუღებელი იყო, ისევ მიუღებელია, თუმცა დღეს ბევრად მშვიდი რეაქცია მაქვს.

– შეკითხვა, რომელსაც მუდმივად უსვამთ საკუთარ თავს?

– მუდმივად ეჭვებში ვარ. როცა შემოქმედება უზარმაზარ დროს, ენერგიას და სულიერ ძალას გართმევს ყველგან ალტერნატიულ საკვებს ეძებ. ჩემთვის ასეთი საკვები ოჯახი და მეგობრები, თუმცა შეკითხვები საკუთარ თავთან მაინც ულევად მაქვს.

– რა პროფესიას ისურვებდით საკუთარი შვილისთვის?

– მთავარია, კარგი ადამიანი იყოს და მნიშვნელობა არ აქვს რა პროფესიის იქნება. მუსიკის გაკვეთილებზეც მხოლოდ იმიტომ ვატარებთ, რომ მუსიკა ესმოდეს და უყვარდეს.

– რამდენად დაგემსგავსათ სანდრო ხასიათით?

– ზოგჯერ ძალიან მგავს. საერთოდ ძალიან არტისტული და კომუნიკაბელური, საოცრად თბილი და ყველას მიმართ კეთილად განწყობილი ბავშვია. 8 წლისაა, მაგრამ ძალიან დელიკატურია. თუ ორი ადამიანი შეხვდა, რომელთაგან ერთს იცნობს, მეორეს კი არა, ჯერ ნაცნობს ჩაეხუტება და ჩაკოცნის მთელი გულით, მერე უცნობს, რათა უხერხულად არც იმან იგრძნოს თავი.

– ბრძნული გამონათქვამი, რომელიც ყველაზე ზუსტად ერგება თქვენს ცხოვრებას?

– „მე ვიცი მხოლოდ ის, რომ არაფერი არ ვიცი“.

– ამბობენ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი უნდა მოსინჯო. რას ვერ გაბედავთ თვითონ და რის მოსინჯვას ურჩევთ სხვას?

– არავითარ შემთხვევაში არ ვურჩევ სხვას იმას, რაც თვითონ არ მექნება მოსინჯული.

– რომელ ეპოქაში ისურვებდით ცხოვრებას?

– ძალიან არ მომწონს, მაგრამ მაინც თანამედროვე ეპოქაში.

– თქვენი აზრით, როგორ გახასიათებენ უცხოები?

– ნამდვილად არ ვიმსახურებ იმ შეფასებას, რასაც საკუთარ თავზე ვისმენ, ამიტომ ყველაფერს ერთგვარ ავანსად ვიღებ, რადგან მართლაც ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო, რათა მცირედი მაინც დავიმსახურო, რასაც ჩემზე ამბობენ.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– როგორც აქამდე ვიხარჯებოდი სტუდენტებისთვის, მომავალშიც ასე დავიხარჯები. რა თქმა უნდა მაქსიმალურად ვეცდები შემოქმედებითი ცხოვრების გამრავალფეროვნებას და გასტროლებით მოგზაურობას. ძალიან არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, რადგან ყოველთვის სადღეგრძელოს ემსგავსება, მაგრამ მაინც მინდა ავღნიშნო, რომ რასაც ვაკეთებ, პირველ რიგში ჩემი ქვეყნისთვის ვაკეთებ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები