“წელს, ნატოს სამიტები უმაღლეს დონეზეა დაგეგმილი და აქედან გამომდინარე, გვინდა ამ დოკუმენტში მაქსიმალურად აისახოს – საქართველოს არა მხოლოდ მისწრაფება, არამედ გაფართოების პროცესის მნიშვნელობა და ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია. დოკუმენტში უნდა აისახოს გადაწყვეტილება, რომელიც ბუქარესტის სამიტზე მიიღეს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი,” – ამის შესახებ ნატოში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რითიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტს გამოეხმაურა.
დოლიძის განცხადებით, ნატოს ღირებულებებიდან გამომდინარე, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ამ პროცესიდან მაქსიმალური პროგრესი უნდა გვქონდეს. მისივე თქმით, ამ კუთხით, ყველა აფასებს იმ ფაქტს, რომ საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანაა და მომავალი გადასადგმელი ნაბიჯებიც ზედმიწევნით, რაც შეიძლება სწორად უნდა გადაიდგას.
დოლიძის თქმით, ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია ნატოსთვის, რადგან მიმდინარეობს სტრატეგიული კონცეფციის დოკუმენტის გადახედვა და ამ პროცესში საქართველო ძალიან აქტიურად არის ჩართული.
ნატოში საქართველოს ელჩის განმარტებით, გაფართოების პროცესი ზოგადად მნიშვნელოვანი პროცესია და თავის წვლილს, კონტრიბუციას შეიტანს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კონტექსტში. დოლიძის განცხადებით, ავღანეთსა და ნატოს ოპერაციებში საქართველოს წვლილი, ამ პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია.