“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “ოპოზიციას ისე ელაპარაკება, თითქოს შუა საუკუნეების მონარქი იყოს და რაღაც უნდა უბოძოს“. მანჯგალაძე ხელისუფლებას მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ “მოლაპარაკება, შეთანხმება საკუთარ ხალხთან უკან დახევა და დამარცხება არ არის”.
თუ მედიატორები შეთანხმების იმ ვერსიას დადებენ, რომელიც “სტრატეგია აღმაშენებლის” ინტერესებს შეესაბამება, მანჯგალაძე აცხადებს, რომ მათი პარტია სხვა ოპოზიციური გუნდის გადაწყვეტილებას აღარ დაელოდება.
„სტრატეგია აღმაშენებელი” ვიყავით და ვრჩებით, მოლაპარაკების მომხრეებად. ჩვენი მთავარი იდეაა, რომ ეს დაპირისპირების პლატფორმა, თანამშრომლობის პლატფორმად გადავაქციოთ, რადგან ეს საქართველოს სჭირდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვეუბნები განსაკუთრებით ხელისუფლებას, მოლაპარაკება საკუთარ ხალხთან, შეთანხმება საკუთარ ხალხთან უკანდახევა და დამარცხება არ არის. ეს უნდა იცოდეს, პირველ რიგში, ირაკლი კობახიძემ, რომელიც ისე ელაპარაკება ოპოზიციას თითქოს შუა საუკუნეების მონარქი იყოს და რაღაც უნდა გვიბოძოს.
ხელისუფლება ცდილობს და ცდილობდა, მოლაპარაკების ჩაშლის საბაბი ეპოვა. ჩვენ და ჩვენი კოლეგები ამის მიზეზსა და საბაბს „ქართულ ოცნებას” არ მივცემთ. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ ყველა იმ გზას, რომელიც მიგვიყვანს ვადამდელ, ან რიგგარეშე არჩევნებამდე. თუ მედიატორები დადებენ შეთანხმების ვერსიას, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებლის” ინტერესებს შეესაბამება, ჩვენ უკვე აღარ დაველოდებით სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას და ამ საკითხზე ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
