LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვაქცინების ომი” უნდა შეწყდეს, ჩინური ვაქცინის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, აძლიერებს ქვეყანაში ანტივაქსერულ განწყობილებას: რომან გოცირიძე

136
რომან გოცირიძე

საქართველოში ჩინური ვაქცინის “სინოფარმის” შემოტანას, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ეხმიანება. მისი განცხადებით, ჩინური ვაქცინის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გაჩენა კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყანაში ანტივაქსერულ განწყობილებას.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის განცხადებით, “ვაქცინების ომი” უნდა შეწყდეს, რისკების შეფასება უნდა მოხდეს პირუთვნელად, ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე და არა პოლიტიკური, ფინანსური თუ ცალკეული პირების ამბიციების დასაკმაყოფილებლად.

საქართველოში ჩინური ვაქცინა “სინოფარმი” ჩამოვიდა

“ჩინური ვაქცინა შემოვიდა და კრიტიკამაც არ დააყოვნა მარჯვნიდან თუ მარცხნიდან.

ჯერ კიდევ არ იყო ვაქცინა შექმნილი, როცა ზოგიერთმა ქვეყანამ წინასწარ იყიდა იგი და ასეულ მილიონობით დოლარის ოდენობის ფინანსური რისკი გასწია. გაამართლა ამ რისკმა.

ჩინეთმა ასი ათასი ცალი ვაქცინა გვაჩუქა და მეორე ასი ათასი ცალი ვიყიდეთ. რომც არ მიიღოს ამ ვაქცინებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტაცია, მისი შეძენის კრიტიკა ფინანსური არგუმენტებით არასერიოზულია და დაუშვებელი. შარშან, ვაქცინის, ტესტების, სასუნთქი აპარატებისა და სხვა მოწყობილობების, კოვიდ-სასტუმროების გამართვის და უამრავი სხვა სახის სამედიცინო თუ არასამედიცინო საჭიროებისათვის მხოლოდ ევროკავშირმა ერთი მილიარდი ლარი გვაჩუქა. ჩინური ასი ათასი ვაქცინა რომც გადავყაროთ, ეს დანაკარგი წვეთია ზღვაში.

ჩინური ვაქცინის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გაჩენა კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყანაში ანტივაქსერულ განწყობილებას. გუშინ, 55 წლის ზემოთ მოქალაქეები დაშვებული იქნა აცრაზე სარეგისტრაციოდ. დიდი აქტივობა არც ახლა შეიმჩნევა. სხვათა შორის, ბევრი ადამიანი ჩინურ ვაქცინას ელოდება, რომელიც ძველი, “ტრადიციული” მეთოდით არის დამზადებული.

ასეთი განსაცდელი საუკუნეში ერთხელ თუ ემართება კაცობრიობას და როდის თუ არა ასეთ ვითარებაში უნდა გამოჩნდეს ადამიანების (მათ შორის პოლიტიკოსების თუ პარტიების) პასუხისმგებლობა და ვიწრო ინტერესებზე მაღლა ხალხის ინტერესების დაყენება.

“ვაქცინების ომი” უნდა შეწყდეს. რისკების შეფასება უნდა მოხდეს პირუთვნელად, ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე და არა პოლიტიკური, ფინანსური თუ ცალკეული პირების ამბიციების დასაკმაყოფილებლად”, – წერს რომან გოცირიძე Facebook-ზე.

პოპულარულები