კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ბუბა ჩივაძის საქმეზე სათანადო რეაგირებას ითხოვს და შესაბამისი განაცხადით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.
“დღეს, გავრცელდა ინფორმაცია, ჟურნალისტის, ბუბა ჩივაძის დაკავებისა და მისი იძულების წესით ქალაქ ქუთაისის მერიიდან გამოყვანის შესახებ. ქუთაისის მერიის შენობაში “ქუთაისი თუდეის” რედაქტორი პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა – უგონო მდგომარეობაში მყოფ ჟურნალისტს ხელბორკილები დაადო და საპატრულო პოლიციაში გადაიყვანა.
ჩვენი ინფორმაციით, ჟურნალისტი ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება, თუმცა, უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს – დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს საქმის დეტალები და მოხდეს სწრაფი რეაგირება ჟურნალისტის დაკავებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით,” – ნათქვამია კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” განცხადებაში.