LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პრეცედენტი, რომ კონკრეტულმა პირებმა პასუხი აგეს ენგურზე საზღვრის კვეთისას დაღუპულების გამო, არ არსებობს” – რა გზას გადიან ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლისას მოქალაქეები

75
უჩა ნანუაშვილი

როგორ მიმდინარეობს გაადადგილების პროცესი ოკუპირებული ტერიტორიებიდან და რა გზებით უწევთ ადამიანებს ე.წ. საზღვრის კვეთა – საკითხზე დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ნინი ხუგაშვილთან ერთად ისაუბრა.

უჩა ნანუაშვილის განმარტებით, უმძიმესია მონათხრობი იმ ადამიანებისა, რომელთაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა უწევთ.

“ბევრს ვიცნობ, რომელსაც მოუწია გადმოსვლა. მინახია, ვისაც მავთულხლართების კვალი ჰქონდა – დაზიანებები სხეულზე. არის შემთხვევები, როცა ჰყვებიან როგორ გამოეკიდნენ რუსი მესაზღვრეები, ძაღლები. გადმოდიან დილის საათებში, როდესაც ნაკლებია იმის შანსი, რომ ვინმემ შენიშნოს.

ხშირად ხდება, რომ გზა ერევათ და ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს დამხარებას. არიან ასე ვთქვათ, “პროფესიონალი გიდებიც”. განსაკუთრებით უჭირთ ბავშვებს, ხანდაზმულ ადამიანებს. ზოგან მავთულხლართების რამდენიმე წყებაა.

უმძიმესი სურათია, როდესაც მდინარეზე უწევთ გადმოსვლა, თან ჩქარობ, თან ფიქრობ უსაფრთხოებაზე. ხურჩაში იყო შემთხვევა, როდესაც რუსი სამხედროები გადმოვიდნენ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით, 500 მეტრი რადიუსზე და დააკვეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ დროს არანაირი საგუშაგო, პოლიციის პატრულირება, რომელიც წესით იქ უნდა არსებობდეს, რომ მსგავს შემთხვევაში დაიცვას ადგილობრივების უსაფრთოხება, დამატებითი პრობლემაა”- განაცხადა ნანუაშვილმა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად მიღებული სტრატეგიები და გადაწყვეტილებები აცდენილია, რაღაც საკითხებში მუშაობს, მაგრამ რაც დრო გადის მდგომარეობა რთულდება და ხელისუფლება უნდა ახერხებდეს, რომ მოახდინოს ადაპტირება ახალ გამოწვევებზე.

გამოსავლის გზებზე საუბრისას უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა ენგურის ხიდზე მოხდეს არა მხოლოდ ტესტირება, არამედ დახმარების სხვა სერვისების განთავსება.

“მთლიანობაში, გამოსავალი, კარანტინთან დაკავშირებით, სწრაფი ტესტების დანერგვა უშუალოდ რუხის ხიდზე, ერთ-ერთი ცდა იქნებოდა იმის, რომ მოსახლეობას გაუმარტივდეს გადმოსვლა. იგივე აფთიაქის მოწყობა, როგორც ეს ერთხელ უკვე განხორციელდა, სხვა სერვისები იყოს მიმდებარე ტერიტორიაზე. დამხარების აღმოჩენა.

ვხედავ, რომ ხელისუფლებას ბევრი ხარვეზი აქვს ამ მიმართულებით. პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ მოსახლეობას დაეხმაროს, გაუმარტივოს იქ ცხოვრება.

წამყვანის კითხვაზე მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებზე დამდგარა თუ არა ვინმეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ნანუაშვილი აცხადებს, რომ პრეცენდენტი, რომ კონკრეტულმა პირებმა აგეს პასუხი, დღეს არ არსებობს.

„სამწუხაროდ, არ ყოფილა რაიმე შედეგი. აღიძრა ბევრი საქმე, მაგრამ რეალურად შედეგამდე არ მისულა. საოკუპაციო რეჟიმთან რთულია ბრძოლა, მაგრამ არსებობს საერთაშორისო მექანიზმები, იგივე სტრასბურგის სასამართლო, რომლის გამოყენება უნდა მოხდეს ასეთ დროს”. – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა “კვირის თემაში”.

 

მხოლოდ 3 თვეში, 3 ათასზე მეტი გალელი დააკვეს, რუსი სამხედროების რაოდენობა კი 4 000-ს აღწევს: უჩა ნანუაშვილი საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g