LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეთანხმებისკენ სვლა, ყველას უნდა გვინდოდეს – შევეცდები, ოპოზიციური პარტიები დავითანხმო ამ გადაწყვეტილებაზე: ვაშაძე

63
გიორგი ვაშაძე

“ზედმეტ ლაპარაკს სჯობს, დავსხდეთ და რეალურად შევთანხმდეთ.” – აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე და ამბობს, რომ სადაც ობიექტურობა იქნება, ყოველთვის მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, მაგრამ შეეცდება, ყველა ოპოზიციური პარტია და პარტნიორები დაითანხმოს ამ გადაწყვეტილებაზე.

ვაშაძე ამბობს, რომ მოლაპარაკებების პროცესსა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას დროულად გადაწყვეტა სჭირდება:

“ნამდვილად შეთანხმებისკენ სვლა, ჩემი აზრით, ყველას უნდა გვინდოდეს და ეს უნდა ქართულ საზოგადოებას. მეორე, მათ მოვუწოდებ, იყვნენ უფრო კომპრომისულები და რეალურად აღიქვან სიტუაცია. მესამე, იქ, სადაც ობიექტურობა იქნება, მე ყოველთვის მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებას, მაგრამ შევეცდები, ყველა ოპოზიციური პარტია დავითანხმო, ჩემი პარტნიორები ამ გადაწყვეტილებაზე.” – განაცხადა ვაშაძემ.

ის გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, გიორგი ვაშაძე ნამდვილად იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი ოპოზიციიდან, რომელსაც სურს შეთანხმება შედგეს.

“არ ვიცი, რას საუბრობს ეს ადამიანი, მაგრამ სჯობს, ზედმეტ ლაპარაკს, დავსხდეთ და რეალურად შევთანხმდეთ. ამ დოკუმენტში უნდა იყოს ხუთივე საკითხი, მათ უნდათ, რომ ამოაგდონ ამ დოკუმენტიდან საკითხების ნაწილი. ხუთივე საკითხი უნდა იყოს და ხუთივე საკითხთან დაკავშირებით უნდა შევთანხმდეთ. გუშინდელი განცხადება გავაკეთე არა მარტო ქვეყნის შიგნით აუდიტორიისთვის, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის და მეგობრებისთვის. ერთი, რომ ვაჩვენეთ ჩვენი მზაობა მოლაპარაკებისთვის და მეორე, ვთქვი, რომ უსასრულოდ ეს პროცესი ვერ გაიწელება და დროულად სჭირდება გადაწყვეტა ამ სიტუაციას. იმედი მაქვს, ეს იქნება მომავალ კვირაში, მაქსიმუმ იმის იქით კვირაში, მეტი უსასრულოდ ხომ ვერ გრძელდება ეს პროცესი, ამიტომ დროულად უნდა მივიდეთ შეთანხმების წერტილამდე.” – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, თალაკვაძემ თქვა, რომ ვაშაძემ უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას იმ კოლეგებთან ერთად, ვისაც ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს დიალოგის ფარგლებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები