LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჯონსონ ენდ ჯონსონის” ვაქცინის მწარმოებელი მზად არის, ჩვენთან პირდაპირ მოლაპარაკებებში ჩაერთოს: ტიკარაძე

193
Untitled design (3)

“დღეს კონტაქტზე გამოვიდა “ჯონსონ ენდ ჯონსონის” მწარმოებელი, რომელიც რამდენიმე თვის წინ უარს აცხადებდა საქართველოსთან მოლაპარაკებაზე. დღეს ისიც მზად არის, რომ ჩვენთან პირდაპირ მოლაპარაკებებში შემოვიდეს და კონსულტაციები გავიაროთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლის დროს განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს კომპანია “მოდერნასთან” რაოდენობასა და ვადებზე.

მისივე განცხადებით, გაჟღერებული ინფორმაცია მილიონ დოზა “ფაიზერზე” დღესდღეობით სიზმარი აღარ არის და მიმდინარეობს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ასევე ზუსტდება ვადები, როდესაც ეს ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება საქართველოში.

“დღესდღეობით ჩვენს მოქალაქეებს აქვთ გარანტია იმის, რომ ისინი უწყვეტად მიიღებენ 350 ათას დოზე „სინოფარმის“ ვაქცინას. მილიონ დოზა „ფაიზერის“ ვაქცინას და ასევე 100 ათასამდე დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას.” – განაცხადა მინისტრმა.

ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ბაზარზე არის ბევრი ფალსიფიცირებული ვაქცინა, შესაბამისად, კერძო სექტორის აქტივობა არცერთ სეგმენტში არ მოიაზრება, ვინაიდან არც ერთი მწარმოებელი არც ერთ კერძო მომწოდებელს არ ესაუბრება:

“არაერთხელ მოვისმინეთ და ინტერნეტშიც იძებნება, თუ რა რეაქცია აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ამასთან დაკავშირებით. მათი ხელმძღვანელობა ყველა ქვეყანას მოუწოდებს, რომ თავი აარიდონ მსგავს გარიგებებს, ვინაიდან აქ არის არაერთი კორუფციული სქემა. ეს საფრთხეს უქმნის თითოეული ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობას. არის ძალიან ბევრი ფალსიფიცირებული ვაქცინა ბაზარზე, შესაბამისად, აქ კერძო სექტორის აქტივობა არცერთ სეგმენტში არ მოიაზრება, ვინაიდან არც ერთი მწარმოებელი არც ერთ კერძო მომწოდებელს არ ესაუბრება. სახელმწიფო ძალიან ეფექტურად ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას და პასუხისმგებლობა აქვს სრულად აღებული. ეს არის ის სფერო და პასუხისმგებლობა, რომელიც სახელმწიფომ უნდა ატაროს. თუ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ კერძო სექტორის დახმარება დაგვჭირდება, შესაბამისი კომუნიკაცია გვაქვს მათთან და პროცესში ჩაერთვებიან.” – თქვა მან.

მინისტრმა ასევე თქვა, რომ ვაქცინაციაზე უკეთესი ხელმისაწვდომობისთვის, ეტაპობრივად იზრდება კოვიდვაქცინაციის პუნქტების რაოდენობა, სადაც პროცესი უსაფრთხოების უმაღლესი ზომების დაცვით წარიმართება.

სულ მალე კი, იმუნიზაციის მხარდამჭერ პროცესში, ვაქცინაციის ოფიცრების სტატუსით ჩაერთვებიან ახალგაზრდები, რომლებიც მოსახლეობას ვაქცინაციის შესახებ სრულ ინფორმაციას მიაწვდიან და მსურველებს ვაქცინაციის პორტალზე რეგისტრაციაში დაეხმარებიან.

mazda magti 5g