LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეთუნა ინწკირველის რთული ეთერი კორონას შემდეგ: „სასწრაფო გამომიძახეს, ხელები დამიბუჟდა და სულ ვკანკალებდი…“

28126
ეთუნა ინწკირველი

„ტვ პირველის“ საინფორმაციო გამოშვების მომხიბვლელმა წამყვანმა, ეთუნა ინწკირველმა კორონავირუსი ახლახან დაამარცხა და უკვე ტელეეკრანსაც და შესაბამისად, საყვარელ საქმესაც დაუბრუნდა, თუმცა სამსახურში გასვლის პირველი დღეები მისთვის იოლი არ ყოფილა… პირველივე დღეებში, ეთერშივე ცუდად გახდა… ტელევიზიაში დაბრუნება, საკმაო ხნიანი პაუზის შემდეგ, მისთვის მაინც დიდი შვება იყო… ახლა კოვიდინფექციისგან თავისუფალი ცდილობს, გარკვეული დრო ბუნებაში გაატაროს და ჯანმრთელობა მოიძლიეროს…

ეთუნა ინწკირველი:

აღმოვჩნდი უკლასტერო დადებითი. სწრაფი ტესტით რომ დამიდასტურდა, შოკი დამემართა. რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ, მქონდა განცდა, ახლა რა უნდა ვქნა-მეთქი. რაღაცნაირად „ჩამოვიშალე“. მიუხედავად იმისა, რომ ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, არავინაა დაზღვეული, იმდენად ბევრი პერიოდი გავიარე, მათ შორის პიკურიც, კორონავირუსთან მიმართებაში, თანაც, ასე ვთქვათ, რისკზონაში ვიმუშვე, რადგან ტელევიზია მაინც ცოცხალი ორგანიზმია და სულ მისვლა-მოსვლაა, გამოვძვერი წელიწადზე მეტის განმავლობაში. აცრის ეტაპი რომ დაიწყო, ვფიქრობდი, იქნებ, აცრამდე მივიდე-მეთქი. როცა ვირუსი დამიდასტურდა, ტელევიზიის ეზოში ვიჯექი და უსუსურობის შეგრძნება მქონდა. ტელევიზია დამეხმარა, სწრაფი ტესტის შემდეგ გამიშვეს პისიარზე და იქაც დამიდასტურდა. ბევრი რამ წამიკითხავს კორონავირუსის, შეგრძნებების, სიმპტომების შესახებ და ყველაფერი გამიახლდა, ფსიქოლოგიური მომენტი უფრო განგრევს…

13 დღე კოვიდსასტუმროში გავატარე, ვინაიდან არ მინდოდა, დედა, და დარტყმის ქვეშ დამეყენებინა. საბედნიეროდ, ჩემგან არც ერთ ადამიანს არ გადასდებია, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური შეხება მაქვს ოჯახის წევრებთან, თუ თანამშრომლებთან.

ამას წინათ, მერაბ სეფაშვილი გვესაუბრა და აღნიშნა, რომ დღემდე არ იცის, ვისგან გადაედო ეს ვირუსი. შენ გაარკვიე?

არც მე ვიცი ვისგან გადამედო. მე და მერაბს საკმაოდ აქტიური შეხება გვქონდა, ტელეფონით  ვკონტაქტობდით, ერთ პერიოდში დაგვიდასტურდა, თუმცა შეხება არ გვქონია… სულ ვკითხულობდით ერთმანეთს და ამ დროს ადამიანების მოკითხვას, ყურადღებასა და თანადგომას დიდი მნიშვნელობა აქვს. იმხელა მხარდაჭერას გრძნობ, გაძლიერებს და ადამიანების ამხელა სიყვარულის გამო მადლიერების შეგრძნება გაქვს. ყველა ცდილობს, ამ პერიოდში მხარი დაგიჭიროს.

როგორ გადაიტანეს ეს ვირუსი?

ძალიან დიდი სისუსტეები მქონდა, დამჭირდა გადასხმებიც. ფიზიკური ძალის დაკარგვა, ძალის სრულად გამოცლა ძალიან რთულია. მეგონა, ვერ დავდიოდი… მერე მეხსიერების პრობლემაც დამემატა… გემო და ყნოსვა დღემდე არ აღმიდგა, რაც ძალიან მიჭირს, მაწუხებს, გემოების თამაშს რომ ვერ ვგრძნობ (იცინის).

კოვიდსასტუმროდან რომ გამოვედი, მეგონა, სადღაც ვიყავი და თბილისში დავბრუნდი. თითქოს არ ხარ მოწყვეტილი შენს გარემოს, მაგრამ ქუჩაში რომ მოვდიოდი, გაფართოებული თვალებით ვათვალიერებდი ყველაფერს. მქონდა შეგრძნება, რომ ცხოვრების ერთი გამოწვევა მივიღე და დავამარცხე, რადგან არ ხარ დაზღვეული… ჩემ გვერდით ბევრი იყო უსიმპტომო, საერთოდ არანაირი ჩივილები არ ჰქონიათ, ჩემგან განსხვავებით… სხვანაირად გაძლიერებს ეს პერიოდი. მეტი ფიქრის დრო გაქვს. ბევრი რამის გადაფასება ხდება. მგონია, რომ ფსიქოლოგიური გამოცდა ჩავაბარე.

მეხსიერების პრობლემები დარჩა?

დიახ. ჩემთვის ეს პრობლემა ორმაგად მტკივნეულია. ტექსტების წერისას, ეთერში ყოფნის დროს, ვატყობ ჩემს თავს, რომ „ვიჭედები“ და ხშირად მაქვს პაუზები. პირველივე შაბათს ეთერში ცუდად გავხდი. დაგეგმილზე ცოტა ადრე მოვრჩი, რადგან ჩემი პროდიუსერი იძულებული გახდა, ადრე დაგვემთავრებინა. პოსტკოვიდურ პერიოდს ეს ახასიათებს – მე იმდენად ემოციური ადამიანი ვარ, ექიმი მეუბნება, რომ ჩემი მაღალი ემოციურობის ფონზე უფრო გამძაფრდა სისუსტე. ტელევიზიაში სასწრაფო გამოიძახეს, რადგან ხელები დამიბუჟდა, ავკანკალდი, მეგონა, ყელში ბურთი მქონდა გაჩხერილი. მძიმე ამბავს ვყვებოდი ეთერში, ვიღაც მწერდა, რომ ამ ამბავს ისე განიცდი, თითქოს გეტირებაო… რა იცოდა, რა პრობლემა მქონდა. სასწრაფო მოვიდა და მომასულიერეს. კოვიდსასტუმროდან რომ გამოვედი, ექიმისგან მქონდა უფლება, რომ ჩვეულებრივ ცხოვრებას დავბრუნებოდი, რადგან აღარავისთვის ვიყავი საშიში. ტელევიზიაშიც დიდი პაუზა გამომივიდა და მეორე დღიდანვე დავუბრუნდი ეთერს, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს დატვირთვა ადრე იყო. ახლა ძალიან მიწყობენ ხელს ტელევიზიაში.

გარეგნულად საერთოდ არ გეტყობა კოვიდის გადატანა, შესანიშნავად გამოიყურები

(იცინის) ამას, სხვათა შორის, ბევრი მეუბნება. ეთერში შესვლის წინ საკუთარ თავს ფსიქოლოგიურ ტრენინგს ვუტარებ, არაფერი შეგეშალოს, არ წაბორძიკდე, მეტყველება, გამომეტყველება…

როგორც მივხვდი, უფრო მეტად ნერვულ სისტემაზე დაგარტყა ამ ვირუსმა

ეს ყველაფერი ინდივიდუალურიცაა, რა თქმა უნდა. ვიღებ ვიტამინებს. ვცდილობ, თავს ძალა დავატანო და გავიდე გარეთ ბუნებაში, ვიარო ფეხით, რაც ძალიან მსიამოვნებს. მიუხედავად იმისა, რომ მალე ვიღლები, გასვლა მაინც განტვირთვისა და ყურადღების გადატანის საშუალებას მაძლევს. მზე დიდი ენერგიის წყაროა ჩემთვის. დილას რომ ვიღვიძებ, ენერგიით მავსებს. ვფიქრობ, ნელ-ნელა ისე გამოთბება ჩვენთან, თავს უფრო უკეთ ვიგრძნობ.

აპირებ ვაქცინის გაკეთებას?

აუცილებლად!.. სხვათა შორის, არის რეინფიცირების შემთხვევები, რამაც ძალიან შემაშინა. რა თქმა უნდა, ახლა ყველა დეტალი სულ სხვანაირად მესმის. აცრას რაღაც პერიოდი ვერ გავიკეთებ, უნდა გავიდეს გარკვეული პერიოდი, ანტისხეულებზე გამოკვლევას ჩავიტარებ და მერე ჩამოვყალიბდები ვაქცინაზე…

ტელევიზიაში დაბრუნება რთული იყო, მაგრამ ალბათ, სასიამოვნოა ისევ ეკრანზე გამოჩენა

ტელევიზიაში როცა გაიგეს ჩემი კოვიდადებითი სტატუსი, ძალიან დიდ ყურადღებას მაქცევდნენ. კითხულობდნენ, მირეკავდნენ თანამშრომლები. პირველ მისვლაზე დიდი ოვაციებით შემხვდნენ, სიყვარულით, ყველას გაუხარდა. მეუბნებოდნენ, გვაკლიხარ, მალე დაბრუნდიო. ამ სითბოს მიღება ძალიან სასიამოვნოა… სხვათა შორის, კოვიდსასტუმროში ძალიან კარგი სამეზობლო მყავდა, გიორგი თორაძე და ანა დოიაშვილი, იყო გადაძახილი და სიმღერები აივნებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ძლივს ვდგებოდი და აივნამდე რთულად მივდიოდი, მაინც ვახერხებდი… ძალიან გამართეს… სასტუმროში ყოფნისას ბევრი საჩუქარი და ყვავილი მივიღე. ესეც ძალიან კარგი მომენტი იყო, თუკი რამე დადებითზე შეგვიძლია ვისაუბროთ…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები