LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია თავისუფალია, ვასაძე მოვიდა, გახარია მოდის – „პოლიტიკური აჯაფსანდალი“, რომლის დალაგებას შარლ მიშელი ვერ შველის

207
fortuna.ge (37)

ქართულ პოლიტიკაში ბოლო დროს ბევრი სიახლეა. ევროკავშირისა და შარლ მიშელის ჩართულობის შემდეგ ვიხილეთ ციხიდან გამოსული ნიკა მელია.

ქართული პოლიტიკით ასევე უკმაყოფილოა და გადაწყვიტა, სიტუაციის შესაცვლელად მძიმე ტვირთი იკისროს და  როგორც თავად აცხადებს, არაფრის ეშინია ლევან ვასაძეს.

და რაც მთავარია, უკვე ყველა მოუთმენლად ელის გიორგი გახარიას მეორედ მოსვლას, რადგან როგორც თავადაც დაანონსა, არსად  წასულა და გუნდთან ერთად ძალიან მალე განცხადებას გააკეთებს.

რას შეცვლის ეს ყველაფერი ქართულ პოლიტიკაში, როდის შეიძლება დასრულდეს კრიზისი, ვის აქვს ყველაზე მეტი შანსი ამომრჩევლის კეთილგანწყობა მოიპოვოს და არ დაკარგოს. 

„ფორტუნა“ შეეცადა, კითვებზე პასუხი ექსპერტებთან საუბრისას მიეღო.

 

რას შეცვლის მელიას ციხიდან გამოსვლა ქართულ პოლიტიკაში

 

„არ მგონია, რომ მელიას ციხიდან გამოსვლამ რადიკალურად შეცვალოს ქართული პოლიტიკა. დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი გონიერებას გამოიჩენენ და „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტი ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლებს.

გამომდინარე იქიდან გუშინ, რაც ვნახეთ რუსთავში, ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის დროს, უნდა ველოდოთ, რომ თუ დაანონსებულ აქციას 15 მაისს თუ გამართავენ, ის არ იქნება ხალხმრავალი.

ქართულ პოლიკაში მაინც ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ რამდენ პროცენტს მიიღებს. თუ ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს აიღებს, ოპოზიციას ურჩევნია, რომ დამოუკიდებლად მიიღოს ყველამ არჩევნებში მონაწილეობა. ასეთ შემთხვევაში უფრო მეტ პროცენტს აიღებენ, ვიდრე ერთიანი ბლოკის შექმნის პირობებში.

მელიამ ციხიდან გამოსვლისას განაცხადა, რომ ოპოზიციის ერთიანობა მომგებიანია.

ოპოზიციის ერთიანობა რას ნიშნავს, ერთ ბლოკად ჩამოყალიბებას? სადღაც შეიძლება შეთანხმდნენ, თუნდაც მერობის კადიდატზე, მაგრამ არც ეს არ მგონია, აუცილებელი, იმიტომ რომ არსებობს 50 %-იანი ზღვარი.

და მეორე ტური იქნება გადამწყვეტი. მეორე ტურში ოპოზიციამ შეიძლება რომ ერთიან კანდიდატს დაუჭიროს მხარი. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი გადავა“, – ამბობს „ფორტუნასთან“ საუბარში ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე.

 

ახალი პოლიტიკური ძალებიდან ვის აქვს ყველაზე მეტი შანსი

 

„ვასაძის შემოსვლა მოულოდნელი არ ყოფილა. დიდი ხანია ის შორიახლოს იყო პოლიტიკურ ავანსცენასთან.

და როგორც იქნა მიიღო გადაწყვეტილება და გამოვიდა, შეარჩია დრო, რომელიც მაქსიმალურად მომგებებიანია მისთვის.

  1. ელექტორატის მხრიდან მესამე ძალის მოთხოვნა
  2. ასპარეზიდან წავიდა ბიძინა ივანიშვილი

ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოსვლის უკეთეს ვარიანტს ვერ შეარჩევდა. ეს თავისთავად ობიექტური რეალობაა, მაგრამ მე როგორც ვხედავ მაინცდამაინც დიდი ელექტორატი არ ეყოლება. მისი მოსვლით არ მგონია დიდი ოპოზიციური გადანაწილებები მოხდეს ოპოზიციურ სპექტრში.

შეიძლება, „ქართულ მარშის“, შეიძლება მათი ხმები წაიღოს ვასაძემ, ეს კი ბევრი არ იქნება“. – ამბობს ძაბირაძე.

ყველაზე დიდი შანსი გახარიას რჩება

 

„ყველაზე დიდი შანსი ამ ეტაპზე აქვს გახარიას. ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ არსებობს მესამე ძალის ელექტორატი, მაგრამ ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო ამ ელექტორატის თავისთან წაყვანა.

ეს ელექტორატი კიდევ არის,  მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად გახარიასთან წავა, მას სჭირდება სწორი და მიზანმიმართული გზა“. – ამბობს ძაბირაძე.

 

სჭირდება თუ არა გახარიას მონანიება

 

„მას არანაირი მონანიება არ სჭირდება. 20 ივნისის შემდეგ ის პრემიერი გახდა და მიუხედავად ყველაფრისა, მისი, როგორც ლიდერის რეიტინგი გაიზარდა. ელექტორალური თვალსაზრისით, მას მონანიება არ სჭირდება, შეიძლება ოპიზიციურ პარტიებს უნდათ, რომ მან ეს გააკეთოს, მაგრამ ელექტორატმა მას 20 ივნისის მოვლენები შეიძლება ითქვას, აპატია“. – განმარტავს ექსპერტი ჩვენთან საუბარში.

 

საბოლოოდ დაალაგა თუ არა სიტუაცია შარლ მიშელმა ქართულ პოლიტიკაში

 

„მან მხოლოდ ერთი მიმართლებით დაალაგა სიტუაცია, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო. რეალურად არაფერი შეცვლილა. ოპოზიცია პარლამენტში კი შევიდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მუშაობისთვის განწყობილი არიან და არც „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის სურვილი ჩანს. ახლა დაპირისპირება ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლებს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს სიახლეა. ქართული პოლიტიკაში პოზიცია და ოპოზიცია  მუდმივად დაპირისპირებული იყო და ამის დალაგებას შარლ მიშელი არ შველის. ამას სჭირდება ძალიან ღრმა რეფორმები პოლიტიკური სპექტრის“. – აცხადებს ძაბირაძე.

 

უნდა იყოს თუ არა ჩართული ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილი 

 

სააკაშვილი ჩართულია ქართულ პოლიტიკაში. ამომრჩეველთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს. დღე და ღამე ეკრანზე ვხედავთ.

სააკაშვლის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში არის. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა მელიას კი არ უჭერს ბევრი მხარს, არამედ მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილს.

სიტუაცია რომ შეიცვალოს, ამას დიდი პოლიტიკური რეფორმები სჭირდება და ამას არც ერთი არ აკეთებს.

გარანტია იმის, რომ არჩევნები არ გაყალბდება ან ის, რომ გაყალბებულად წარმოგვიდგინოს უკვე ჩატარებული არჩევნები, არ არსებობს“. – ამბობს ექსპერტი.

 

არველაძეები პოლიტიკაში

 

„მიუხედავად ჩემი დიდი სიმპატიებისა არველაძეების მიმართ, ზოგადად მეჩვენება, რომ ქართული პოლიტიკა ძალიან სპორტული გახდა. თუ ასე უნდა გაგრძელდეს, ამას დაემატებიან თუ არა არველეძეები, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ შინაგანად თავისუფალი ადამიანები არ მოვლენ და თუ მათ საკუთარი იდეები არ ექნებათ, თუ ვინც მართავს ის რასაც იტყვის, ხელი თუ  მხოლოდ იმაზე უნდა აწიონ, რა მნიშვნელობა აქვს, იქ ვინ იქნება.

არ მაინტერესებს და არ ვაპირებ მონაწილეობას, არც მე, არც ჩემი ძმები: შოთა არველაძე არჩევნებში მონაწილეობაზე

როგორც ჩვეულებრივ, ადამიანს უხარია საკუთარი ქვეყნის კარგი და სწყინს ქვეყნის ცუდი - ასეთივე აქტიური ვიქნები დღემდე, ჩემს თავს სადაც ვხედავ იქ ვარ" - შოთა არველაძე.

 

მე თქვენ ვერ დამისახელებთ 30 წლის განმავლობაში ვერც ერთ პარლამენტს, სადაც ადამიანები დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ასე რომ, პოლიტიკაში თუ იქნებიან არველაძეები – „ნუ კარგი“ და თუ არ იქნებიან, არც მაგით დაიქცევა ქვეყანა.

იმისთვის, რომ ქვეყანაში გაუმჯობესდეს და შეიცვალოს პოლიტიკური ცხოვრება ამას სჭირდება რთული გადაწყვეტილებების მიღება, რომლის შემსრულებელიც არ ჩანს. როგორც ჩანს, ძალიან მძიმე და რთული გზის გავლა მოგვიწევს“. – განმარტა „ფორტუნასთან“ ძაბირაძემ.

 

მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ სეგმენტაცია

 

„მელიას ციხიდან გამოსვლით პოზიციისა და ოპოზიციის დაპირისპირება ფორმას შეიცვლის და საპარლამენტო კრიზისს მივიღებთ, რაც თავისთავად მისასალმებელია. გასაგებია, რომ „ქართული ოცნების“ ელექტორალური სეგმენტაციის პროცესია დაწყებული.

ანუ ულტრანაციონალური და კონსერვატიულ ფრთაზე პრეტენზიას აცხადებს ლევან ვასაძე, ზომიერ ფლანგზე გიორგი გახარია.

სეგმენტაცია გარდაუვალი პროცესია როგორც ჩანს და მთავარი ინტრიგა ამ შეთხვევაში არის ის, რომ 43 %-იანი დათქმა „ქართული ოცნებისთვის“ პრაქტიკულად გადაულახავი იქნება, ყვლანაირი მინიშნებაა, რომ რიგარეშე არჩევნები წელიწადნახევრის შემდეგ გვექნება“. – აცხადებს ხუხაშვილი.

რა უნდა გააკეთოს ციხიდან გამოსულმა მელიამ პირველ რიგში

 

„ნიკა მელია ლიბერალურ ფლანგზე ერთგვარი გამაერთიანებელია.  თუმცა სერიოზული გადალაგებები დაიწყო, რაც ის ციხეში იჯდა და ახლა მას ოპერატიული ამოცანა აქვს.

პირველ რიგში პარტიაში გარკვეული კონტროლის აღდგენაა საჭირო. ერთიანი დღის წესრიგის შემუშავება და მცდელობა იმისა, რომ ერთიანი ოპოზიციური მაგიდა აღადგინოს.

 

დიდი ალბათობით, კენჭისყრა იქნება - შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში

ხელაღებით არასერიოზულია საუბარი იმ დოკუმენტზე, რომელიც ძალიან ნაკლოვანიც არის და ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ყველას მხრიდან.

 

გამომდინარე იქიდან, ამ ყველაფერს როგორ შეძლებს, მერე უფრო მეტის თქმა იქნება შესაძლებელი“. – განმარტავს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

 

უნდა იყოს თუ არა მერობის კანდიდატი

 

„პარტიის ლიდერები ჩემი აზრით ადგილობრივ არჩევნებში არ უნდა მონაწილეობდნენ. მერობის კანდიდატი ბევრი იქნება, შეიძლება 10 კანდიდატი მაინც გვყავდეს“. – აცხადებს ექსპერტი.

 

როდის დასრულდება პოლიტიკური კრიზისი საქართველოში

 

„იმით რომ რაღაც შეთანხმება მოხდა, არ ნიშნავს, რომ კრიზისი გადავლახეთ, ეს ნიშნავს, რომ ჩიხიდან გამოვედით. ჩვენ ახლა პერმანენტული კრიზისების ფაზაში შევდივართ. კრიზისის გადალახვა მოხდება მაშინ როდესაც ჯანსაღი არჩევნები ჩატარდება და დამარცხებული მიულოცავს გამაჯვებულს.

მანამდე, მუდმივად  კრიზისში ვიქნებით და მანამდე, ჩვენ შეგვიძლია, ეს კრიზისი ცივილიზებურად ვმართოთ. იმის ილუზია, რომ კრიზისი გადავლახეთ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელით მოწერით,  ეს ძალიან მიამიტური გაგებაა“. – აცხადებს ხუხაშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში.

საარჩევნო რეფორმა – რას გვეუბნება მიშელის დოკუმენტი და რაზე მსჯელობენ პოლიტიკოსები

პოპულალურები