პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი თბილისში გადმოიყვანეს, კერძოდ, წმინდა მიხეილ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში. 19 წლის დაჭრილი ახალგაზრდის ტრანსპორტირება თელავის რეფერალური საავადმყოფოდან რეანომობილით მოხდა.
თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობის კურსს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სამი დღის განმავლობაში გადიოდა. მისი მდგომარება მძიმეა და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება.
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. ამ ფაქტს პანკისის ხეობაში უარყოფითად აფასებენ და ამბობენ, რომ სპეცრაზმმა ძალას გადაამეტა. მათ ხელისუფლების სახელზე სპეციალური მიმართვაც გააგზავნეს. პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოუძიებლობის შემთხვევაში ადგილობრივების ნაწილი საპროტესტო აქციებს აანონსებს.
პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა.