LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსიკალური მოგზაურობა კინოსამყაროში ნიკოლოზ რაჭველისგან

167

მსოფლიო კინომუსიკის შედევრები ნიკოლოზ რაჭველის, ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და რამდენიმე სოლისტის შესრულებით წელს, 9 იანვარს კიდევ ერთხელ გაიმართა. წარმატებული პროექტი მუსიკოსებმა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მე-18-ჯერ წარმოადგინეს. მუსიკალური მოგზაურობა კინოსამყაროში იმდენად საინტერესო, ნოსტალგიური და მელოდიურია, რომ გულგრილს ვერ დაგტოვებთ, პროექტის მოსმენა აუცილებლად მოგინდებათ ზუსტად იმდენჯერ, რამდენჯერაც ორგანიზატორები მის გამეორებას გადაწყვეტენ, მით უმეტეს, თუკი სიახლეა დაანონსებული. ამ შემთხვევაში ეს „ბედის ირონიის“ მელოდია გახლდათ, ტარივერდიევის კომპოზიცია, რომელიც ორკესტრმა შესანიშნავად შეასრულა…

პროგრამა, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გრძელდება, აღიარებული კომპოზიტორების კლასიკური კინოსთვის შექმნილ ნაწარმოებებს აერთიანებს, ეკრანზე ფილმებიდან ამონარიდები იღვრება, ცნობილ და ცხოვრების ბოლომდე დამახსოვრებული მელოდიების კასკადთან ერთად – ენიო მორიკონეს, ჯონ უილიამსის, მიშელ ლეგრანის, ნინო როტას, ჩარლი ჩაპლინის კომპოზიციები სოლისტებთან ერთად, თუ მათ გარეშე, შესანიშნავად ისმინებოდა… ჩარლი ჩაპლინის „Smile“ ნატალია ქუთათელაძემ შეასრულა, ასტორ პიაცოლას კომპოზიციები -სპეციალურად ღონისძიებისთვის ჩამოსულმა აკორდეონისტმა მარიო სტეფანო პიეტროდარკიმ ააჟღერა და დარბაზის დიდი ოვაციების ფონზე ნიკოლოზ რაჭველთან ერთად რამდენჯერმე არტისტულად დაგვიკრა თავი, ბოლო განყოფილება ქართულ მუსიკას დაეთმო. რასაკვირველია, ნიკოლოზ რაჭველის კინომუსიკის საღამო გია ყანჩელის გარეშე წარმოუდგენელია და  რასაკვირველია, ეს დღეც არ ყოფილა გამონაკლისი… ასევე შესრულდა ცნობილი სიმღერა ფილმიდან „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ – „ქარი კვლავ არხევს ნაცნობ ლელიანს“ და „ვერის უბნის მელოდიებიდან“ „მრუდე თუ გაქვს ხელი“. ეს ორი ცნობილი მელოდია ორკესტრის თანხლებით ნინო ქათამაძემ წარმოგვიდგინა…

კინომუსიკის პროექტი დაგვემშვიდობა, თუმცა არა სამუდამოდ, აშკარაა, რომ ის მსმენელთან კიდევ არაერთხელ მოვა…

 

 

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g